სკოლებში ინკლუზიური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლეს, საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს განათლების მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
სკოლა ვალდებულია სსსმ მოსწავლისთვის უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სასწავლო გარემოს აკომოდაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება.
ხანდახან სიტყვები „მოდიფიკაცია“ და აკომოდაცია“ არასწორად აღიქმება. მათი განმარტების ცოდნა კი მასწავლებლებისთვის აუცილებელია. რას ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია და რა იგულისხმება სასწავლო გარემოს აკომოდაციაში?
მოსწავლისთვის ესგ-ს მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
სასწავლო გარემოს აკომოდაცია კი ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ალტერნატიულ სასწავლო მიზნებს, მათი შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება.