ჰიბრიდული სწავლება გაუქმდა? - სამინისტრო და განათლების კომიტეტი აქტუალურ კითხვას პასუხობს
27-04-2022

უქმდება თუ არა ჰიბრიდული სწავლება? - აღნიშნული კითხვით ბოლო დროს საკმაოდ ბევრი მოსწავლე თუ მასწავლებელი მოგვმართავს, ამიტომაც გადავწყვიტეთ საკითხი კიდევ ერთხელ დაგვეზუსტებინა, მით უმეტეს, როგორც შეგვატყობინეს, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ეუბნებიან - დისტანციურის არჩევის შესაძლებლობა აღარ გექნებათ, ამიტომ დასწრებით ფორმატზე სასწრაფოდ უნდა დარეგისტრირდეთო.

ონლაინ სწავლების შესაძლებლობა მოსწავლეებმა პანდემიის პირობებში მიიღეს. უკვე ორი წელია რაც მოსწავლეებსაც და მაღალი რისკჯგუფის მქონე პედაგოგებსაც უფლება აქვთ დისტანციური მოდელი აირჩიონ და ისე დაესწრონ ან ჩაატარონ გაკვეთილები. იმის გამო, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, უქმდება თუ არა ონლაინ სწავლების არჩევის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის?!

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლებლობა კანონით არის განსაზღვრული და ონლაინ სწავლების არჩევის გაუქმების შემთხვევაში ცვლილება მთავრობამ უნდა მიიღოს. შეიცვლება თუ არა და როდის შეიცვლება ეს ეს გდაწყვეტილება უცნობია; ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლას არ აქვს უფლება, ინდივიდუალურად აუკრძალოს მოსწავლეებს ონლაინ ფორმატის არჩევა.

ჰიბრიდულ სწავლებასთან დაკავშირებით განმარტება თავის მხრივ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

„ჯერ პანდემია არსად წასულა, იმ ბავშვებსა და მასწავლებლებს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, თუმცა რა წამსაც დავინახავთ, რომ პანდემია აღარ არსებობს, მერწმუნეთ, იმწამსვე, სრული რესურსით დაბრუნდებიან ბავშვები საკლასო ოთხებში“.

ცვლილებების შეტანამდე კი შეგახსნებთ, ყოველი კვირის ხუთშაბათს00:00 საათიდან 18:00 საათამდე, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ რეგისტრაცია ონლაინ სწავლებაზე, მისამართზე: https://online.emis.ge

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203