რაზე შეთანხმდნენ ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
13-03-2018
„მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ“ - ასე ერქვა პროექტ-ღონისძიებას, რომელიც ვალის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ პედაგოგები - ირმა ხითარიშვილი და ლიანა სარიშვილი.
პროექტში V, VI, VII, VIII, IX, X, და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში დახატეს ქალური და მამაკაცური პროფესიები, დაათვალიერეს სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოთა ილუსტრაციები და დაადგინეს, დაცული იყო თუ არა გენდერული ბალანსი.
მეათე და მეთერთმეტე კლასელებმა აუდიტორიას წარუდგინეს ესეები, შესაბამისი საინფორმაციო მასალა და პირადი დამოკიდებულების გამომხატველი პლაკატები.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს საზოგადოების მოსაზრებები გენდერულ საკითხებსა და ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე. თავიანთი გამოკვლევის შედეგები მოსწავლეებმა მინი-ბანერებისა და მოკლე რეფერატების სახით წარუდგინეს მსმენელებს.საინტერესო გახლდათ დისკუსია, რომელიც ზოგიერთი სტერეოტიპის გაანალიზებას მოჰყვა.
საბოლოოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ: „სტერეოტიპები არარეალურია, მთავარია შედეგი! მნიშვნელოვანია, რომ საქმე აკეთოს მან, ვისაც ეს კარგად გამოსდის! უარი ვთქვათ სტერეოტიპებზე და დავიცვათ ერთანეთის უფლებები!“