საერთაშორისო პროფესორების ჩართულობით, KIU-ში საგანმანათლებლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
27-04-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) არც ისე დიდი ისტორია აქვს, მაგრამ უკვე მიიჩნევა ამიერკავკასიაში ერთ-ერთ მზარდ და პერსპექტიულ საგანმანათლებლო ჰაბად. საინტერესო და მრავალფეროვანია უნივერსიტეტის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე. KIU მჭიდროდ და ეფექტურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და TUM International-ის მიერ იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი.
ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის КIU საუკეთესო ალტერნატივაა - საქართველოში მიიღონ მაღალკვალიფიციური, ევროპული განათლება მსოფლიოს წამყვანი პროფესორების, დარგის სპეციალისტების ჩართულობით. მოთხოვნა და ინტერესი უნივერსიტეტის მიმართ მზარდია, შესაბამისად, KIU-ს გუნდი ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისთვის და მათ სწავლასთან ერთად სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს.
ხაზგასასმელია ის შედეგები, რომლებსაც KIU-მ ფუნქციონირების მეორე წელს მიაღწია. უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია გერმანელ პარტნიორებთან ერთად და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. წლის მანძილზე KIU-ს კამპუსს არაერთი უცხოელი მეცნიერი სტუმრობს. მსოფლიოს წამყვანი პროფესორები ადგილზე უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტებს.
2022 წლის გაზაფხულის სემესტრში საერთაშორისო აკადემიური პერსონალის (პროფესორების) ჩართულობით, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი KIU-ს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამებზე.
მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში პირისპირ ფორმატში გრძელდება ლექციების სერია სასწავლო კურსებზე - „ოპერაციათა მენეჯმენტი (OM)“ და „ადამიანური რესურსების მართვა (HRM)“.
„ოპერაციათა მენეჯმენტის (OM)“ კურსს KIU-ს აფილირებული პროფესორი რუპერტ ბრენდმაიერი უძღვება. 2020 წლის შემოდგომიდან პროფესორი ბრენდმაიერი მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს აწვდის ისეთ სასწავლო კურსებს, როგორებიცაა: „მენეჯმენტის საფუძვლები” (Маnagement Science), “ბიზნეს ეთიკა” (Business Ethics), „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და ლიდერობა“ (HRM & Leadership)”. მიმდინარე სემესტრში ოპერაციათა მენეჯმენტის კურსის ფარგლებში, პროფესორმა ბრედნმაიერმა КIU-ს კამპუსზე მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს პროცესთა სტრატეგიების, პროცესების ანალიზისა და დიზაინის, წარმოებისა და სერვისის მიწოდების ტექნოლოგიების შესახებ ესაუბრა. სალექციო საათები, ტრადიციისამებრ, მოიცავდა პრაქტიკული ქეისების განხილვას, კომპანიებში მიღებული გამოცდილების გაზიარებასა და აქტიურ დისკუსიებს.
კურსის „ადამიანური რესურსების მართვა (HRM)“ ფარგლებში, პროფესორმა რუპერტმა პროფესორ ბეტინა მარსინკოვსკისთან ერთად, განიხილა HILTI კორპორაციისა და Тoyota -ს მაგალითები. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი ბეტინა კორპორაცია HILTI-ში ტოპ-მენეჯმენტის წევრია HRM-ის მიმართულებით.
მენეჯმენტის სკოლაში ასევე გაგრძელდა სამუშაო შეხვედრები სტუდენტებთან თემაზე- „ჰარვარდ ბიზნეს სკოლის ქეისები“. სტუდენტები ეუფლებიან ქეისების ანალიზისა და დამუშავების პრაქტიკულ უნარებს, სტრატეგიებს და შესაბამის მეთოდებს.
KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის თანახელმძღვანელმა, მოწვეულმა პროფესორმა ჰელმუთ ზაიდლიმ კამპუსზე ვიზიტის პერიოდში ჩაატარა ლექციები სასწავლო კურსზე - „ფუნქციონალური პროგრამირება და ვერიფიკაცია“ („შესავალი ინფორმატიკაში 2“). როგორც თავად ამბობს, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესში, დისკუსიებში.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ვიმუშავე კვლევით პროექტზე - „ლოგიკა, როგორც პროგრამირების ენა“, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს. პროფესორ ბესიკ დუნდუას, სწავლების ასისტენტ ანა იდაძისა და სტუდენტ-მკვლევარის იოანე კაპანაძის ჩართულობით, გავმართეთ კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც ვაპირებთ მუშაობას. გარდა ამისა, ვაწყობდით გარკვეულ სამეცნიერო დისკუსიებს.
KIU-ში ყოფნისას სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც მომეცა. მათ შორის უნდა აღინიშნოს, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის არაფორმალური შეხვედრა და კიდევ ერთი სოციალური ღონისძიება, რომელიც გაიმართა DAAD-ის პროგრამის მონაწილეების ჩართულობით, ერთობლივი ლაბორატორიული კურსისთვის - "Android Programming with Kotlin" (მიუნხენში მათი ვიზიტის ფარგლებში)“, - აცხადებს პროფესორი.
2021-2022 აკადემიური წლის დასრულებამდე KIU-ს კამპუსს არაერთი საერთაშორისო პროფესორი ეწვევა, მათ შორის: მარკუს ნოიჰაუზერი, ფლორიან რუპი, ჰელმუთ ზაიდლი, შტეფენ სირისი, ანდრეას დითშე, მარტინ ლეროხი, რუპერტ ბრენდმაიერი, ბეტინა მარსინკოვსკი და ა.შ.
სტუდენტებს გასული წლის მსგავსად მომავალშიც მიეცემათ შესაძლებლობა, გაცვლითი და სასწავლო პროგრამებით გაემგზავრონ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (TUM) და ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში, მიიღონ საუკეთესო გამოცდილება და ადგილზე გაეცნონ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროცესს.
უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები მასშტაბურია. KIU მუდმივად აუმჯობესებს და ავითარებს სწავლებისა და მომსახურების სერვისს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ქმნის ახალ პროგრამებს და ინარჩუნებს რეგიონის წამყვანი საგანმანათლებლო სივრცის სტატუსს. უნივერსიტეტი აღრმავებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო წრეებთან და კომპანიებთან.