ყველაზე საყურადღებო 30 ცნების განმარტება პედაგოგებისთვის - გრუმინგი, ლიურინგი, ფლეიმინგი, დიფამაცია
წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის განკუთვნილ თეორიულ მასალაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კიბერცნობიერების ლექსიკონს უკავია. სტატუსის ამაღლების მსურველმა პედაგოგმა უნდა იცოდეს ყველა სიტყვის განმარტება, რომელიც აღნიშნულ ლექსიკონშია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კი საფრთხისშემცველი ცნებების განმარტებებია.
etaloni.ge გთავაზობთ ყველაზე საყურადღებო და საფრთხისშემცველი 30 ცნების განმარტებას:
- აგრესორი - პირი, რომელიც დევნის და არასწორად/უსამართლოდ ექცევა დაზარალებულს, უსწორდება მას ფიზიკურად, ან აყენებს ფსიქოლოგიურ ზიანს.
- ბაისტენდერი - სკოლაში, ონლაინსივრცეში, ან სხვა ადგილას დევნის მომსწრე ან მოწმე. ეს შეიძლება იყოს დაზარალებულის ან აგრესორის მეგობარი, თანაკლასელი, პედაგოგი ან სხვა პირი. ბაისტენდერი მომსწრეა დაშინების ფაქტის, რომელიც მოხდა სკოლის შიგნით, გარეთ ან ონლაინსივრცეში.
- ბული - პირი, რომელიც ახორციელებს ბულინგს, დაშინებას ან დამცირებას
- ბულინგი - მტრული და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ახორციელებს მეორე ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე; შეიძლება იყოს როგორც სექსუალური ხასიათის, ასევე მორალური, ფიზიკური ან სხვა ტიპის ზეწოლა.
- გამოძალვა - ძალადობრივი ქცევა, ზეწოლა ან დაშინება, რომლის მეშვეობითაც მსხვერპლი იძულებულია განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც მას ან სხვას ზიანს მიაყენებს
- გრუმინგი - მოზარდის ან არასრულწლოვნის დაყოლიება სექსუალურ ქმედებაზე ინტერნეტის მეშვეობით.
- დატროლვა/ტროლინგი - მომხმარებელთა მაპროვოცირებელი ან დამცინავი კომენტარების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში.
- დაჰაკვა/ჰაკირება - არასამართლებრივი წვდომა/შესვლა კომპიუტერულ სისტემაში, ანუ ე.წ. კომპიუტერული დამცავი სისტემის გატეხვა. ტერმინი დაჰაკვა ან ჰაკირება აგრეთვე ვრცელდება იმ ადამიანზე, რომელიც არასამართლებრივი, უკანონო გზით ახდენს პროგრამის, ციფრული აუდიო და ვიდეომასალის ან სხვა პროდუქციის კოპირებას
- დომენის მიტაცება - არასანქცირებული წვდომა დომენის კონფიგურაციაზე ინტერნეტში, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა ავთენტურ გვერდებზე გადამისამართება.
- დოქსინგი - პირადი მონაცემების, ან საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოქვეყნება კონკრეტული ფიზიკური პირის შესახებ ინტერნეტში, როგორც წესი, უარყოფითი განზრახვით.
- ემოციური ძალადობა - პირის ან ადამიანთა ჯგუფის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, სოციალური მიუღებლობა, კრიტიკა ან დისკვალიფიკაცია.
- კიბერბულინგი - იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა: ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული სიხშირით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და / ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და / ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
- კონფიდენციალურობის დარღვევა - დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საიდუმლოების, გამოსახულებების გავრცელება, ინტიმური სახის ინფორმაციის გავრცელება მომხმარებლის კომპრომეტირების მიზნით
- ლიურინგი - მოზიდვა, შეცდენა ან დაყოლიება, რომელიც გულისხმობს ხრიკების მეშვეობით არასრულწლოვანთა სექსუალურ ქმედებაზე დაყოლიებას სრულწლოვანთა მიერ ონლაინკავშირის მეშვეობით.
- მანიპულაცია - ინტერნეტის მეშვეობით, პოტენციური მსხვერპლისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეცვლილი, ან დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება ან მოდიფიკაცია ინტერნეტმომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად.
- ონლაინგამოწვევა - ონლაინ-თამაში ან გამოწვევა, რომელიც შექმნილია სოლიდარობის გამოსახატავად, ზოგჯერ კი გართობის ან ზიანის მიყენების მიზნით; პოპულარობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში (მაგალითად: გადაისხი ყინულიანი სათლი, დარიჩინის გამოწვევა და სხვა). შესაძლებელია იყოს ჯანმრთელობისათვის სახიფათო ან სასიკვდილოც კი.
- პექი - ინტიმური ფოტოების ან ვიდეოების კომპლექტი, რომელიც განთავსებულია ციფრულ ფორმატში
- სექსტინგი - ეროტიკული ან პორნოგრაფიული შინაარსის შეტყობინებების ან აუდიოვიზუალური მასალის გაგზავნა ციფრული საშუალებებით; სექსტინგი ხშირად წინ უძღვის კიბერბულინგს.
- სექსუალური გამოძალვა - ფულის გამოძალვის, ან სექსუალურ მომსახურებაზე დაყოლიების ფორმა სექსუალური ქმედებების გამომჟღავნების მუქარის ქვეშ.
- ტროლი - მომხმარებელი, რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეტყობინებებსა და კომენტარებს ბოროტი ან მაპროვოცირებელი განზრახვით
- ფიშინგი - ციფრული თაღლითობა, როგორც წესი, განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც გამოიხატება ყალბი შეთავაზებებით მომხმარებლის მოსატყუებლად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ანგარიშები, პაროლები და სხვა.
- ფლეიმინგი - შეურაცხმყოფელი გამოთქმების ან ძალადობრივი ენის/შეტყობინებების გამოყენება ციფრულ სივრცეში
- ქეთფიშინგი - ონლაინ ყალბი პროფილის ან მომხმარებლის შექმნა. ძირითადად გავრცელებულია სოციალურ ქსელში და ონლაინ გაცნობის ვებგვერდებზე, სადაც ადამიანები მალავენ პერსონალურ ინფორმაციას ან ირჩევენ ინკოგნიტოდ მოქმედებას.
- შევიწროება, ძალადობრივი დევნა - აგრესიული, განმეორებითი და გამაღიზიანებელი ქცევა, რაც იწვევს დისკომფორტს, ან აკნინებს ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის გრძნობებს.
- ძალადობა - მოიცავს ყველა ფორმის ფიზიკურ ან გონებრივ ზიანსა და ექსპლოატაციას.
- ჰაკერი - პროგრამირების ექსპერტი, პროგრამული უზრუნველყოფის მანიპულაციისა და სხვა კომპიუტერული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი, რომელიც ფლობს კომპიუტერულ სისტემებში შეღწევის უნარებს, ხშირად მათში ცვლილებების შეტანის მიზნით. ჰაკერები იყოფა 3 ტიპის კატეგორიად: ტიპი 1: თეთრქუდიანი ჰაკერები“ (ინგლ. White hat hackers) – მათ მოტივაციას წარმოადგენს სისტემის უსაფრთხოების ხარვეზების მოძიება და პოვნა, ასევე ნაკლოვანებების აღმოჩენა და მფლობელი კომპანიებისათვის აღნიშნულის დაუყოვნებლივ შეტყობინება. ტიპი 2: შავქუდიანი ჰაკერები (ინგლ. Black hat hackers) – იძიებენ კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების ხარვეზებს და იყენებენ მათ თავიანთ სასარგებლოდ, კერძოდ: მოიპოვებენ მონაცემებს, პაროლებს და საკრედიტო ბარათების ნომრებს, წვდომის კოდებს, საბანკო რეკვიზიტებს და იღებენ ფინანსურ სარგებელს აღნიშნული ინფორმაციის მეშვეობით. ტიპი 3: რუხქუდიანი ჰაკერები (ინგლ. Grey hat hackers) – ეს უკანასკნელნი არიან თეთრსა და შავს შორის არსებული ჰაკერების ტიპი; ისინი იძიებენ და აღმოაჩენენ სისტემურ ნაკლოვანებებს, რათა გაყიდონ ინფორმაცია მათ შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ იღებენ რაიმე ტიპის სარგებელს აღნიშნული ინფორმაციით, მას საჯაროდ აქვეყნებენ მფლობელი კომპანიების საწინააღმდეგოდ.
- ჰეითერები - ინტერნეტმომხარებლები, იგივე გამომწერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში, აპლიკაციებში, ან ჩატში ტოვებენ ნეგატიურ კომენტარებს გარკვეული თემების ან სხვა მომხმარებლების წინააღმდეგ.
- დიფამაცია - პირის შესახებ უცენზურო, სასტიკი ან ცრუ ინფორმაციის გავრცელება-გამოქვეყნება.
- ME: Ask.fm-ის მსგავსი ვირტუალური სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია დასვას ანონიმური შეკითხვები, რომელიც, როგორც წესი, შეურაცხმყოფელი და უხერხულია; ხშირად იქცევა მომხმარებელთა ბულინგის სარბიელად.
- RAT BOY: ახალგაზრდა ან მოზარდი, რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, უხეშობს და გამოირჩევა უცენზურობითა და მტრული დამოკიდებულებით ქსელური ვიდეოთამაშების თამაშის დროს
იხილეთ ასევე:
20 ტერმინი, რომელიც საგამოცდოდ მასწავლებელმა უნდა იცოდეს - კიბერცნობიერების ლექსიკონი