„ეტალონის“ ღონისძიებას თიანეთის საჯარო სკოლა ეხმიანება
02-03-2018
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

თიანეთის N2 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „LDS Charities“-ის წარმომადგენლები - მაიკლ და კიმ დონოვანები და ალექს ლობანოვი, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი, თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

აღნიშნულ ღონისძიებას დაბა თიანეთის საჯარო სკოლა ვრცელი სტატიით ეხმიანება. გთავაზობთ სტატიას უცვლელად. 

საქართველოში უამრავი საგანმანათლებლო პროექტი ემსახურება ნიჭიერი, განათლებული  ახალგაზრდების წარმოჩინებას. მათგან ერთ-ერთი და უმთავრესია სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტი „ეტალონი.“

„ეტალონი" 10 წელია არსებობს ქართულ მედიასივრცეში და ის უკვე არა მარტო ერთი კონკრეტული გადაცემა, არამედ მრავალმიმართულებიანი პროექტია, რომლის კონცეფცია და სლოგანი ერთ მარტივ, თუმცა მრავლისმთქმელ წინადადებაში ეტევა: „სახალხო იდეა „ეტალონი“-ბედნიერება ყველას სჭირდება!“ 
 
„ეტალონსა“ და მის პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს საქართველოს ყველა კუთხისა და ქალაქის 80000-ზე მეტ წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას. პროექტს აქტიურად გულშემატკივრობს საქართველოს 50000 ოჯახზე მეტი. „ეტალონი“ გამოგონებული და დაპატენტებულია საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ინტელექტუალურ თამაშებს შორის ანალოგი არ აქვს. იგი აგებულია განწყობის თეორიაზე, ეყრდნობა კითხვების შედგენისა და ქულათა დაანგარიშების ინოვაციურ სისტემას.  
 
2015 წლის შემოდგომიდან  „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი  „ეტალონის“ ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილზე გამართვას.  
 
სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტის შესარჩევი ტური თიანეთის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლის 61 ნიჭიერი მოსწავლე მონაწილეობდა. ბავშვებმა სასკოლო ტური წარმატებით გაიარეს, 57 ქულა და მეტი დააგროვეს და ასე მოიპოვეს რაიონულ ტურში მონაწილეობის უფლება. შესარჩევი ტური  დაძაბული, შედეგების მიხედვით კი,  ერთობ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.  
 
როგორც „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთ ქალაქში 69 ქულით გამოვლინდა გამარჯვებული, თიანეთში კი მეცხრე ადგილი 72 ქულიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ  თიანეთის შესარჩევი ტურის ყველაზე პატარა მონაწილემ, დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე დავით სულხანიშვილმა 153 წამში 73 ქულა მოაგროვა და VII ადგილზე გავიდა.  
 
„თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ჯაბანიშვილმა. მან 169 წამში 78 ქულა მოაგროვა. შემდეგი ადგილები ასე განაწილდა: II ადგილი - მარიამ მეზვრიშვილი- 78 ქულა ( 173 წმ), სიმონიანთხევის საჯარო სკოლა; III ადგილი -ეთერ ფაშურიშვილი-76 ქულა (125 წმ), თიანეთის N2 საჯარო სკოლა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თამაზ მეჭიაურის გადაწყვეტილებით, „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები 50-50 ლარის ოდენობით. მარიამ ჯაბანიშვილი მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში.  
 
თამაზ მეჭიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი: „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც არა მარტო განათლების წახალისებას, არამედ ახალგაზრდობის მამულიშვილებად აღზრდასა და მათში საზოგადოებრივი თვითშეგნების განვითარებას ემსახურება. ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი ამ წარმატებულ პროექტს. თიანეთის მუნიციპალიტეტის სახელით სრულ  მხარდაჭერას ვუცხადებ „ეტალონს.“

გოჩა ტყეშელაშვილი, „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, აკადემიური დოქტორი: „მჯერა, რაც უფრო მრავალრიცხოვანი ხდება „ეტალონის“ მონაწილეთა არმია, მით უფრო გაადვილდება მტრის დამარცხება. სასიხარულოა, რომ საქართველოს ყველა კუხე მოიცვა ამ პროექტმა, 2008 წლიდან კი თიანელი მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული მასში. დღეს ვნახეთ ჯიშის, გენეტიკის ზეიმი. აშკარად ჩანდა, რომ ბავშვები ხალისით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და მათში მტრობა და შური კი არ ჩანდა, ბოლოს ხელჩაკიდებულები ელოდნენ გამარჯვებულის გამოცხადებას.  ვულოცავ ყველა თიანელს, თიანეთის ყველა  მოსწავლეს და განსაკუთრებით დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლას, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით (55 მოსწავლე) მონაწილეობდა პირველ ტურში, 35 მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატი კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული მონაწილეობისათვის, ხოლო  რაიონული ტურის  მონაწილეთაგან  ოთხი უმაღლესი შედეგის მქონე სწორედ ამ სკოლის მოსწავლეა ( და ოთხივე მეთერთმეტე კლასელი): თამარ ზვიადაურს -89 ქულა, მარიამ ჯაბანიშვილს -86 ქულა, გიორგი ხუზმიაშვილს -83 ქულა, ერეკლე ფოლადიშვილს  კი- 79 ქულა ჰქონდა და გასაკვირიც აღარ იყო, რომ სწორედ მათგან გამოვლინდა „თიანეთის ეტალონი მოსწავლე.“ 
 
წარმატებული „ეტალონელი“ მარიამ ჯაბანიშვილი: „ეტალონმა“ წარმატებისაკენ დაუღალავი სწრაფვა მასწავლა. მეორე წელია, რაც ინტელექტ-ჩემპიონატში ვმონაწილეობ. ამ პროექტში წარმატების მოპოვების იმედი მქონდა, რადგან ყოველთვის ბეჯითად ვმეცადინეობ და მინდა, საფუძვლიანი განათლება სკოლაში  მივიღო. მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის ყველა პედაგოგს, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი გამარჯვება, მადლობა „ეტალონს,“ რადგან მან მომცა უდიდესი გამოცდილება და მასწავლა საკუთარი თავის რწმენა.  ვულოცავ „ეტალონის“ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა  ერთწლიანი სტიპენდიის დანიშვნით.“ 
 
ამავე დღეს თიანეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმოადგინა ინოვაციური საგანმანათლელო პორტალის „Izrune.ge-ის“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური,  ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „LDS Charities“-ის წარმომადგენლები- მაიკლ და კიმ დონოვანები, ალექს ლობანოვი, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების“ გაერთიანების გენერალური დირექტორი  გიორგი ატაშვილი, თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, სკოლების დირექტორები. ამრიკელმა სტუმრებმა აღნიშნული პორტალი საგანმანათლებლო ინოვაციად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203