„სიმბოლური იყო, რომ „ეტალონმა“ ჩემპიონატის ეს ეტაპი აფხაზეთის სკოლებით დაიწყო, ვისურვებდი, მომავალში „ეტალონი“ აფხაზეთში დაგვეწყოს“
29-04-2022

კოვიდ-პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო რეალობა მკვეთრად შეცვალა, თუმცა დღეს თამამად შეგვძლია ვთქვათ - მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მუდმივად იდგა (და დგას) ერთგული ეტალონელების განათლების სადარაჯოზე. ამ პერიოდში ჩემპიონატი ონლაინ-რეჟიმში ტარდებოდა, „ეტალონი - 2022“ კი დასწრებითი ფორმატით, ცოცხალი ემოციითა და საოცარი შთაბეჭდილებებით გაიხსნა აფხაზეთის სკოლებისთვის.
ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრი და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. წამყვანი - უცვლელი, მიზანი უცვლელი და ემოციების ზღვა, რომელსაც ვერც ერთი ღონისძიება ვერ დაიტევს. ჩემპიონატის პირველ ეტაპში ენგურსგაღმა მცხოვრებმა ბავშვებმა, დევნილობაში მყოფ თანატოლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა და „ეტალონთან“ ხელჩაკიდებულნი დაადგნენ განათლების, წარმატებისა თუ განვითრების გზას.

I ადგილზე რაულ შენგელია გავიდა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლიდან, რომელმაც ღონისძიების დასასრულს etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ მისთვის მოპოვებული წარმატება უმნიშვნელოვანესია:

„ჩემთვის პირველ ადგილზე გასვლა ცოტა მოულოდნელი იყო, ეს წარმატება ჩემთვის, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატის მიმდინარეობისას ცოტა დაძაბული ვიყავი, ცოტას ვნერვიულობდი კიდეც. კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, უფრო ამ ბოლო დღეებში გადავავლე თვალი სხვადასხვა ინფორმაციას. ისეთი კითხვები იყო, ზოგად ცოდნასაც მოითხოვდა, საინტერესო ფაქტები უნდა გცოდნოდა“.

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნუგზარ ჯომიდავამ კი თავად პროექტზეც ისაუბრა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს ძალიან მოენატრათ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დასწრებით ფორმატში ჩატარება:

„ეტალონის“ ჩემპიონატი, პირველ რიგში, ბავშვებს შემეცნებითი უნარების ამაღლებაში ეხმარება. ჩვენ მონაწილეობის მისაღებად ვემზადებით ხოლმე და შიდა სასკოლო ინტელექტუალურ შეჯიბრებებს წინასწარ ვატარებთ. ბავშვები მოტივირებულები არიან, რომ კლასგარეშე სახელმძღვანელოები იკითხონ, მათემატიკური ამოცანები ამოხსნან, გეომეტრიული მონახაზები გააკეთონ. რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, ნიჭიერი და ძალიან მონდომებულია, სკოლაში შორიდან დადის, მაგრამ მაინც ყველაფერს ასწრებს და შედეგიც დადო. ჩვენი სკოლის მოსწავლეების ასეთ წარმატებაში უდიდესია მასწავლებლების როლი. სხვა ბავშვებისგანაც დადებით შედეგს ველოდი, რადგან კარგი მოსწავლეები გვყავს. რაულ შენგელიამ კი სისწრაფე, ცოდნა და უნარები ერთდროულად წარმოაჩინა. ძალიან კარგია, ჩემპიონატი დასწრებით ფორმატში რომ ჩატარდა. მით უმეტეს, პანდემიამაც, ასე თუ ისე, გადაიარა. ჩვენ უსაფრთხოების წესების დაცვას უკვე მიჩვეულები ვართ და ისევ დასწრებთ ფორმატში თუ ჩატარდება, ძალიან კარგი იქნება“.

ჩვენი მოსწავლეები ეროვნული ინტლექტ-ჩემოიონატის ჩატარებას ყოველ წელს მოუთმენლად ელიან“ - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სოფიო გოგოხიამ, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა და იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი დასწრებით ფორმატში გაგრძელდება:

„რადგანაც პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამაზეა ორიენტირებული, მოსწავლის მოტივაციისთვის ძალიან კარგია. ბავშვებმა იციან, რომ ყოველ წელს ჩატარდება, ელოდებიან და ახლა მეტი მოტივაცია ექნებათ, რადგან პირველ ადგილზე ჩვენი სკოლის წარმომადგენელი გავიდა, რაც კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც სწავლის სურვილს გაუმძაფრებს მოსწავლეებს. პირველ ადგილზე გასულს რაც შეეხება, იგი ძალიან აქტიურია. ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესშიც აქტიურადაა ჩართული და სხვათა შიორის, კლასში ასაკით ყველაზე პატარაა, მაგრამ ძალიან ყოჩაღი. მისი წარმატება დამსახურებული იყო და ყველას ძალიან გაგვიხარდა. ასევე, მესამე ადგილზე გასული მოსწავლეც ჩვენი სკოლიდანაა, კლასელები არიან. ისიც სასწავლო პროცესში, კლუბებსა თუ წრეებზე განსაკუთრებული აქტიურეობით გამოირჩევა, სწრაფი და სხარტია. ბევრ მოსწავლეს ჰქონდა მაღალი ქულა, უბრალოდ სისწრაფეზე იყო დამოკიდებული და მანაც თავი გამოიჩინა. ამ წარმატებით ძალიან გახარებულები ვართ და თამამად ვიტყვი - ყველა მონაწილე გამარჯვებულია.

ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, ჩხოროწყუდან ჩამოვედით, 2 წელია სასკოლო ექსკურსიებსაც მოკლებულნი ვართ და ეს დღე ბავშვებისთვის ყველანაირად საინტერესო აღმოჩნდა. იმედია, ასე გაგრძელდება და ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ონლაინ-რეჟიმზე გადასვლის საჭიროებაც აღარ დადგება“.

დიანა გოგია, აფხაზეთის N7 საჯარო სკოლიდან, II ადგილზე გავიდა, Etaloni.ge-ს კი გაუმხილა, ინტელექტ-ჩემპიონატის ლაივ-ფორმატში ჩატარებით უფრო მეტი მოტივაცია მოგვეცაო:

„მეორე ადგილზე გასვლით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა სახლში მოსვლამდე ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა ჩემს თავს. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი - აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად გოჩა ტყეშელაშვილს. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია და არც ასეთ შედეგს ველოდი, მაგრამ დასწრებითი ფორმატი დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა... დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება იქნება წარმატებული გზის დასაწყისი და მომავალშიც ბევრად მასშტაბურ პროექტებს შევეჭიდები“.

ელისო სიჭინავამ, აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა, ჩემპონატსა და „ეტალონის“ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ისიც აღნიშნა, რომ ბავშვები izrune.ge-ს ტესტებსაც აქტიურად გადიან და „ეტალონს“ წარმატებები უსურვა:

„ეს არაჩვეულებრივი პროექტია. ჩემი სკოლის მოსწავლეები „იზრუნეს“ ტესტებსაც ხშირად და წარმატებით ასრულებენ. ჩემპიონატის მიმდინარეობით ყველანი კმაყოფილები ვართ... ეს არის პროექტი, რომელიც არ გაცვდა და ჩვენც წლებია ვმონაწილეობთ, გვყოლია გამარჯვებულიც, ახლა კი ჩვენი მოსწავლე მეორე ადგილზე გავიდა, რაც სასიხარულოა. მინდა, პროექტს წარმატებები ვუსურვო და ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემპიონატი აფხაზეთის სამნისტროსთან ერთად ჩაატარა... რაც შეეხება დიანა გოგიას, იგი არაჩვეულებრივი მოსწავლეა, უყვარს კითხვა და იმედია, მომავალში, პირველ ადგილსაც მოვიპოვებთ. ჩემპიონატის დასწრებით ფორმატში ჩატარებას მივესალმებით, მოსწავლეებისთვის ეს ურთიერთობის საშუალებაა“. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ტესტირების მიმდინარობისას გულშემატკივრებმა - სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ფარულავამ და მუსიკის მასწავლებელმა ლალი გოგიამ გაამხნევეს - მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ნინო ფარულავამ კი, აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა აღნიშნა, რომ „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს განვითარების დიდ არეალს აძლევს: 

„პროექტში მოსწავლეების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ განვითარების ძალიან დიდ არეალს აძლევს. ჩვენ „ეტალონში“ ყოველ წელს ვმონაწილეობთ, რადგან ეს მოსწავლეებს დამატებით უნარებს უვითარებს. პასუხამდე ლოგიკურად უნდა მივიდნენ, დროის მენეჯმენტი გამოიმუშაონ და ასე უკეთ ხვდებიან, რა უნდა გააკეთონ მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის. ვიცი, მომავალ წელს რაოდენობრივადაც მეტი მოსწავლე ჩაერთვება. დიანა გოგია კი ძალიან დინჯი, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და ნიჭიერი მოსწავლეა. ვიცოდი, შედეგს დადებდა, რადგან, როდესაც ტესტებს აკეთებდა, ვუყურებდი, პროცესს როგორ უდგებოდა, დროს აკონტროლებდა, ღელავდა, მაგრამ ემოციების მართვაც შეუძლია. ჩემი აზრით, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს არის - შეგეძლოს ემოციების მართვა. 

სიმბოლური იყო, რომ „ეტალონმა“ ჩემპიონატის ეს ეტაპი აფხაზეთის სკოლებით დაიწყო, ვისურვებდი, მომავალში „ეტალონი“ აფხაზეთში დაგვეწყოს. ვინც იქედან ვართ, ეს ძალიან კარგად გვენიშნა, ვეპოტინებით ყველაფერს და იქაურობას ვუკავშირებთ“.

III ადგილოსანმა ლიზი გოდულაძემ, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლიდან კი აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს ბევრ რამეს ასწავლის, საპრიზო ადგილის მოპოვებას კი თავად ნამდვილად არ ელოდა:

„ჩემპიონატის პირველი ეტაპის შესახებ ჩემმა დამრიგებელმა მითხრა. საკმაოდ მომზადებულები ვიყავით. ჩვენთვის სიახლეც იყო, მაგრამ მოვემზადეთ. ვიცოდით წესები, კითხვების ფორმატი, განსაზღვრული დრო. ის, რომ ტესტირება დასწრებით ფორმატში მიმდინარეობდა, რეალურად, კიდევ უფრო დამეხმარა. ტესტიც უკეთ დავწერე და ველოდი, ათეულში მოვხვდებოდი, შედეგმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ასეთ პოზიციას იკავებ, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არც ელი. ჩემი აზრით, ეს პროექტი ბევრ რამეს გვასწავლის, ადამიანებს კი ერთმანეთთან აახლოებს; ბევრი ადამიანი გავიცანი... პროექტი ყველანაირად ხელს გიწყობს, ტესტირებებს მიეჩვიო; წამყვანი იმდენად კარგად გვესაუბრა და ისე ჩამოაყალიბა აზრი, რომ უდიდესი მოტივაცია მოგვცა. მაინც ვნერვიულობდით, მაგრამ მე პირადად, მისმა სიტყვებმა გამამხნევა და გამახალისა“. 

მოგვიანებით, პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ შეაფასა:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღე, როდესაც ჩვენთან, არქანიას საგამოფენო დარბაზში, პანდემიის შემდეგ, „ეტალონის“ პირველი შეკრება გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების პირველი არადისტანციური, არამედ რეალური დაბრუნება ასეთი ტიპის კონკურსებში ჩვენთან მოხდა.  მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ენგურს გაღმა და გამოღმა ტერიტორიიდან იღებდნენ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს კარგი დასაწყისია და ნამდვილად ძალიან კმაყოფილები ვართ და ეს ამბავი მოგვწონს. კონკურსი მოსწავლეებს ცალსახად აახლოვებს. ეს არის თემები, რაზეც ჩვენ უამრავ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ, გასაგები მიზეზები გამო, ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ. რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ დამეგობრება და ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები გვერდიგვერდ ისხდნენ, ერთმანეთის ცოდნას ამოწმებდნენ, ეჯიბრებოდნენ და ეს „ეტალონის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია“.

ნინო ლობჟანიძემ, აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კი ხაზი გაუსვა, რომ „ეტალონთან“ მეგობრობა მალე უფრო მასშტაბური გახდება:

„ჩემპიონატი ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ ეს პროექტი დასწრებით რეჟმში განვაახლეთ. რითიც ყველა კმაყოფილია, ეს კონკურსი ინტელექტის, ცოდნის პოპულარიზაციასა და ზეიმს ემსახურება. ჩვენ გავაგრძელებთ „ეტალონთან“ თანამშრომლობას, რაც სხვა მასშტაბებსაც შეიძენს. 

ჩემპიონატი დასწრებით რეჟიმში ჩვენ გავხსენით. ამას არ ველოდით და ნამდვილად სიმბოლურია, რომ ეს პროცესი აფხაზეთიდან დაიწყო. „ეტალონში“ ოკუპირებული ტერიტორიაზე მყოფი ბავშვებიც არიან ჩართულნი. ამ 2 წლის განმავლობაში, პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ, ჩვენს ხალხთან კიდევ უფრო დაგვაშორა. გზები იყო ჩაკეტილი, ასევე კომუნიკაციის პრობლემაც იყო. „ეტალონი“ კი ამ შემთხვევაში, დაახლოებისა და ერთობლივი მუშაობის, ერთ-ერთი პირველი მერცხალია. ვგულისხმობ, მოცემულ რეალობას, რადგან ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ურთიერთობებს გავაღრმავებთ, მაგრამ „ეტალონიც“ დაახლოების პროცესში თავის პატარა როლს ასრულებს. ენგურსმიღმა ბავშვებს, სხვადასხვა აქტივიბაში ჩართვით, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ დანარჩენ საქართველოში მყოფ თანატოლებს დაუახლოვდნენ.

ხათუნა შონიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეს მოსწავლეებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, თავიანთი რესურსის რეალიზება შეძლონ:

„არაერთი წელია, რაც ეს პროექტი ჩვენი და „ეტალონის“ თანამშრომლობით იმართება. ძალიან პოპულარულია აფხაზეთის საჯარო სკოლებში. ეს ჩვენი მოსწავლეებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ თავიანთი რესურსის რეალიზება შეძლონ. ასევე, შემეცნებითი და ინტელექტუალური პოტენციალი განავითარონ.  მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართული, მოსწონთ და კმაყოფილები არიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე დანარჩენ საქართველოში მყოფი მოსწავლეები ერთმანეთს ეცნობიან. ამით მათი ინტეგრირება ხდება. ჩემპიონატის აფხაზეთით დაწყება ძალიან სიმბოლურია და იმედია ეს სიმბოლო, მის ყველა მონაწილესა და ჩვენზეც სხვანაირ გავლენას მოახდენს. ეს იყო ერთგვარად მონატრეული შეხვედრა. ბავშვებს ძალიან უხაროდათ, რომ ჩემპიონატი დასწრებით რეჟიმში წარიმართა და ის ურთიერთობა აღდგა, რაც პანდემიამდე იყო“.

ირმა გოგოლაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსის მოადგილემ კი დასძინა: „ეს დღე ჩვენთვის ძალიან მხიარული და პოზიტიური იყო. პროცესმა კარგად ჩაიარა. შემდგომშიც რომ განმეორდეს ძალიან კარგი იქნება. „ეტალონის“ მიზანი ცოდნის პოპულარიზაციაა. ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ, რომ მათ თავიანთი ცოდნა გამოეჩინათ და საბოლოო გამარჯვებისათვის მიეღწიათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემპიონატი დასწრებით ფორმატში ჩატარდა“.

ღონისძიების დასასრულს კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილე ათეულს, სამინისტროს სახელით გადაეცა საჩუქრად წიგნები. საპატიო სტუმარი კი გახლდათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მან პროექტში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203