შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პედაგოგებთან დეტალურად ისაუბრეს ისტ-ის საგნის ტესტების შესახებ. როგორც ცნობილია, ტესტი ორი ნაწილისგან შედგება, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გამომცდელები Windows 10- ში იმუშავებენ,
შეფასების მიზნების შესაბამისად, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: პროფესიული ცოდნა (სამუშაო დრო არის 1 საათი და 30 წუთი) და პრაქტიკული უნარები (სამუშაო დრო არის 2 საათი და 30 წუთი). ტესტის თითოეული ნაწილი 35 ქულით ფასდება. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
აპლიკანტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი შესაბამისობის დავალებებია, რომელშიც მონაცემთა ორი სვეტია მოცემული - ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა. შ.). დავალების შესასრულებლად საჭიროა ერთ სვეტში მოცემული ინფორმაცია შევუსაბამოთ (მივუსადაგოთ) მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციას. შესაბამისობის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. ასეთი ტიპის დავალება ისტ-ის პრაქტიკულ ნაწილში არ გვექნება.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული ნაწილის შესასრულებლად გამოსაცდელები იმუშავებენ კომპიუტერთან Microsoft Office-ის პროგრამებში MS Word 2019, MS Excel 2019 და MS PowerPoint 2019. შესასრულებელია შემდეგი დავალებები:
1. დოკუმენტის შექმნა და დაფორმატება პროგრამა MS Word-ის გამოყენებით;
2. მონაცემთა ანალიზი/დამუშავება პროგრამა MS Excel-ის გამოყენებით;
3. პრეზენტაციის შექმნა პროგრამა MS PowerPoint-ის გამოყენებით.