თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუდენტები აუდიტორიებში სწავლის დაწყებას აპროტესტებდნენ და სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას მოითხოვდნენ.
როგორც ისინი განმარტავენ, ათასობით სტუდენტი რეგიონში ცხოვრობს, უძრავი ქონების გაქირავების ფასების ზრდის გამო კი ჩამოსვლას და განათლების მიღებას ვერ ახერხებენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ თვეზე მეტია სხვადასხვა მეთოდით ვაპროტესტებთ სწავლის აუდიტორიაში დაწყებას. თქვენ ნათლად ხედავთ, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ამას გამოხმაურება არ მოჰყვა. ისინი ჯიუტად დგანან საკუთარ პოზიციაზე, დღეს საზეიმო კონცერტით ეგებებიან სტუდენტებს, მაშინ როდესაც ათასობით სტუდენტი სახლშია და განათლების მიღმა რჩება. ჩვენ ვითხოვთ, კვლავ ჰიბრიდულად გაგრძელდეს სწავლა, რათა არავინ დარჩეს განათლების მიღმა. მოგეხსენებათ, ათასობით სტუდენტია რეგიონიდან და გაძვირებული ბინის ქირის გამო, ვერ ახერხებენ 2 თვის განმავლობაში ჩამოსვლას, დაბინავებას და სწავლას“,- აღნიშნავს სტუდენტი სოფიკო მოლოშხია.