საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უკვე გაუქმდა, რჩება მხოლოდ რამდენიმე ობიექტი, სადაც მოქალაქეები სამედიცინო ნიღბების გარეშე არ დაიშვებიან. ესენია: სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები პირბადის გარეშე დაიშვებიან? - კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრა, რა ეპიდვითარება იქნება ზაფხულში.
„ამჟამად პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია, თუმცა გამოცდები ზაფხულშია და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ აპლიკანტებს. ასე რომ, ხელაღებით თქმა - პირბადე გამოცდაზე საჭირო არ იქნება, ახლა შეუძლებელია“.