სკოლებმა ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს. როგორც ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, აიკრძალა ორი და მეტდღიანი ექსკურსიები, გარდა ამისა, საექსკურსიო ადგილი უნდა შეირჩეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან მის მდებარეობამდე არ უნდა არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. ასევე დაუშვებელია არასრულწლოვანების ისეთ ტერიტორიაზე წაყვანა, სადაც მდინარე, წყალსაცავები და მეწყერსაშიში ზონებია.
გაეცანით ექსკურსიებთან დაკავშირებული ახალი რეკომენდაციების წერილს:
„სასკოლო ექსკურსიების საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ექსკურსიების ორგანიზების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანების შესაბამისად.
აღნიშნული წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.
სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
ქვეყანაში კოვიდპანდემიით გამოწვეული რეგულაციები შემსუბუქდა, პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა როგორც ღია სივრცეში, ასევე სკოლებში. მიუხედავად ამისა, სკოლებს რეკომენდაციის სახით აცნობეს, რომ „კორონავირუსით (Covid 19) გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებში.