„სადიაგნოსტიკო ტესტირება საჭიროცაა და აუცილებელიც“ - მარინა მაჭარაშვილი, წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი
კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი აფასებს. ის სწავლის ჰუბრიიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?- წლევანდელი სასწავლო წელი მართლაც მიუახლოვდა დასასრულს. ვიტყოდი, რომ ეს წელი საინტერესო იყო სწავლა-სწავლების, ახალი მიდგომებისა და ურთიერთობის კუთხით. პანდემიის შემდგომი პერიოდი, გარკვეულწილად, რეაბილიტაციას უფრო ჰგავდა, რომელიც წარმატებით განხორციელდა ჩვენს სკოლაში.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?- ვფიქრობთ, რომ ჰიბრიდული მოდელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს სკოლაში, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება დგება - ფიზიკურად ვერ ხერხდება ბავშვის სკოლაში მოსვლა გარკვეული მიზეზების გამო. ამით თავიდან ავიცილებთ აკადემიურ პრობლემებს, ჩამორჩენის თვალსაზრისით.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?- სადიაგნოსტიკო ტესტირება ამჟამადაც მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში და, მიმაჩნია, რომ საჭიროცაა და აუცილებელიც. სკოლა ჩართულია კვლევებში და თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში, რაც თანამშრომლობითი კულტურის განვითარებასაც უწყობს ხელს.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?- ჩემი პირადი შეხედულებით, უკეთესი იქნებოდა, სწავლის პროცესში თუ უფრო მეტად დაინერგება ისეთი მეთოდები, რომლებიც სახალისოსა და საინტერესოს გახდის გაკვეთილებს, მაგალითად: როლური თამაშები, გასვლითი გაკვეთილები მუზეუმებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში, ასევე, თამაშით სწავლება რომელიმე, კონკრეტულ, საფეხურზე. ჩვენს სკოლას აქვს ამის პრაქტიკა და ძალიან წარმატებულიც. პანდემიის პერიოდში ამ კუთხით გვქონდა გარკვეული შეფერხება, რეგულაციებიდან გამომდინარე. სამომავლოდ, ვფიქრობთ, აღვადგინოთ მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ ?- ყველა სიახლეს მივესალმები. ზოგადად, მიყვარს ნოვაციები და ყოველთვის ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ დანერგვას. 2018 წელს სკოლა გარემონტდა ფონდ „მილენიუმის“ დაფინანსებით „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში და ინფრასტრუქტურაცა და ადამიანური რესურსიც გვაძლევს ამის საშუალებას.