„რომ არა დისტანციური სწავლება წლის ბოლოს უფრო მაღალი შედეგები გვექნებოდა“- დირექტორები
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და საგამოცდო ციებ-ცხელებაც სულ მალე დაიწყება - საინტერესოა როგორ აფასებენ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები საკუთარი მოსწავლეების ცოდნის დონეს იმ ფონზე, რომ დამამთავრებელ კლასებს ორი წლის განმავლობაში პანდემიიდან გამომდინარე დისტანციური სწავლება მოუწიათ.ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად
etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:
იური მრელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:დისტანციურმა სწავლებამ თუნდაც სოციალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბავშვებზე გავლენა მოახდინა. მე-12 კლასელებს რაც შეეხება, ტრადიციულად დასწრების მხრივ ცოტა პასიურობენ, თუმცა დიდი პრობლემები არ შეგვქმნია. დინსტანციურის დროსაც ვახერხებდით რომ დასწრებითი ფორმატით სწავლებას, ამიტომ სერიოზული ხარვეზები არ გვქონია, წელმა ნორმალურად ჩაიარა.
აბიტურიენტები სხვა განწყობით არიან, ემზადებიან მეტი ინტერესითა და მოტივაციით. წელს 36 კურსდამთავრებული გვეყოლება და აქედან ნახევარი აბიტურიენტია. დანარჩენი ნაწილი ან პროფესიულ სასწავლებელში აპირებს სწავლის გაგრძელებას ანდაც გარკვეულ სამუშაოებში ჩართვას. ემოციური ფონი საკმაოდ მაღალია, რადგან ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებენ. ვფიქრობ, რომ არა დისტანციური სწავლება წლის ბოლოს უფრო მაღალი შედეგები გვექნებოდა თუმცა, მაქვს მოლოდინი, რომ ცუდ შედეგებს არ დადებენ. როგორც ყოველთვის, წინა წლების მსგავსად 80-90% ჩვენი სკოლიდან გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ.
მაკა ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი:განათლების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სკოლა, თავად მოსწავლე და მშობელი ვახერხებთ, რათა ბავშვებს მაქსიმალური საფუძველი შევუქმნათ სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში. დისტანციური და დასწრებითი რეჟიმის დროს ძალისხმევას არ ვიშურებდით. ჩემი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ მე-12 კლასელები კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. იმის საფუძველი არ მაქვს, რომ სავალალო მდგომარეობაზე ვიფიქრო. მოლოდინები ჩემს ბავშვებზე კარგი მაქვს და ვფიქრობ, გაამართლებენ, რადგან ნამდვილად კარგი ბირთვია იმდენად პასუხისმგებლიანი, მობილიზებულები და მოწადინებულები არიან. რა თქმა უნდა, რაღაც პლიუსები და მინუსები ყოველთვის არის, საბოლოო ჯამში მოლოდინების გამართლებას ველოდები.
ლია თოფურია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი:შეფასებას რაც შეეხება, ზოგადად ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს საშუალოზე დაბალი საფუძველი აქვთ და ამის გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის ის, რომ სოფელში ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისებზე ნაკლებია, ასევე მოტივაციაც შესაბამის დონეზე არ არის. არ ვფიქრობ, რომ სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ არის საშუალოზე დაბალი. წელს 4 აბიტურიენტი გვყავს. ვფიქრობ, თავს გაართმევენ და ხელშეწყობის ფონზე ბარიერს გადალახავენ.
ეკატერინე ბოდაველი, ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:პანდემია და დისტანციური სწავლება, რომც არ ყოფილიყო ბავშვები დამატებით მეცადინეობას ახერხებდნენ. ჩემი სკოლა მრავალრიცხოვანი არ არის, სულ ხუთი ბავშვი ამთავრებს სკოლას და მათგან უმაღლეს სასწავლებელში 2 მოსწავლე აბარებს. ზოგად ფონზე ვიტყვი და მხოლოდ მე არ მაქვს ეს აზრი, დისტანციური სწავლებისას იყო ხარვეზები, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ვისაც სწავლა უნდოდა ის გვერთვებოდა და მე-12 კლასელებს გაკვეთილები ჩვეულებრივ უტარდებოდათ. ის რომ ბავშვები ჩამორჩნენ ეს კიდევ ცალკე განხილვის საკითხია. ყოველ შემთხვევაში, სკოლის მხრიდან დარღვევა არ ყოფილა. ბავშვების არჩართულობის მიზეზი, ზოგადად თავად მშობლებმაც უნდა გაიაზრონ. მომავალ წელსაც რომ ანალოგიური სიტუაცია იყოს უნდა შეძლოს სიტუაციის მოწესრიგება, რომ შვილი გაკვეთილებს ესწრებოდეს. რაც შეეხება მოლოდინებს, იმედი, რა თქმა უნდა მაქვს, რომ ჩემი ორივე აბიტურიენტი წარმატებით ჩააბარებს.
რევაზ ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანი და საბაზოა. სულ 39 მოსწავლე გვყავს და მათგან 8 ბავშვი აგრძელებს მე-10 კლასში სწავლას სხვა სკოლაში. სასწავლო წელმა ნორმალურად ჩაიარა, მოსწავლეების ცოდნასაც დამაკმაყოფილებლად შევაფასებ. დისტანციური სწავლება ფაქტობრივად არ გვქონია, მხოლოდ პირველი 10 დღე ვიყავით ონლაინ ფორმატში. აქედან გამომდინარე, სერიოზული ხარვეზებით სასწავლო წელი არ დაგვისრულებია.
მარინა გოგიშვილი, სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:საერთოდ, წელს ძალიან კარგი მეთორმეტეკლასელები გვყავს, წელს მართლა კარგები არიან. ცუდი ის არის, რომ მათემატიკისა და ტექნიკური საგნებისადმი დაინტერესებამ იკლო, მით უმეტეს რომ ამ ბავშვებს ძალიან კარგი საფუძველი ჰქონდათ. „კატის“ გამოცდები აღარ არის, უნარების გამოცდაც მოიხსნა, მათემატიკას კი ცოტა სხვანაირი დატვირთვა სჭირდება. როდესაც ინტერესი აღარაა, რა თქმა უნდა, ცოდნის დონემაც დაიკლო. დისტანციურმა სწავლებამ კი ყველაფერზე საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინა. წელს სკოლას 23 მოსწავლე ამთავრებს, მათგან 12 აბიტურიენტია. ვფიქრობ, შეძლებენ რომ სტუდენტები გახდნენ. დანარჩენები კი სხვადასხვა ხელობას დაეუფლებიან.
მარინე ნანეიშვილი, სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:წელს ჩვენს სკოლას 49 მოსწავლე ამთავრებს და მათგან აბიტურიენტი დაახლოებით ორმოცია. ჩვენი მოსწავლეები კვლევით ტესტირებაში მონაწილეობდნენ და მინდა გითხრათ, რომ ქართულსა და მათემატიკაში ტესტებს თავი არაჩვეულებრივად გაართვეს. ზოგადად ვფიქრობ, რომ მოსწავლეები ამ პანდემიის ფონზე სკოლას არასაკმარისი ცოდნით ამთავრებენ და ამის გამომწვევი მიზეზი ბევრია: შესაძლებლობები, ინტერნეტი და ტექნოლოგიები არ ჰქონდათ, რათა გაკვეთილებს სახლიდან დასწრებოდნენ. ეს 40 აბიტურიენტი როგორ ჩააბარებს გამოცდებს ამას დრო გვიჩვენებს. ამ ტესტირებაში კი თითქმის ყველა მე-12 კლასელმა გადალახა ბარიერი და ამიტომ, ძალიან კარგ განწყობაზე დავდექით, რომ არც ისე სავალალო სიტუაცია არ ყოფილა. მაქვს დადებითი მოლოდინი.
მზევინარ ტაბატაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენს სკოლას წელს 16 მოსწავლე ამთავრებს და მათგან 7-8 აბიტურიენტია. ჩვენ ძალიან კარგი მეთორმეტეკლასელები გვყავს და მათგან მედლის კანდიდატებიც არიან. დისტანციურმა სწავლებამ რა თქმა უნდა სწავლის ხარისხზე იმოქმედა, მაგრამ პირადად ჩვენს სკოლას დისტანციურ სწავლებაზე დიდხანს ყოფნა არ მოუწია; გამომდიანრე აქედან, არ ვთვლი რომ მე-12 კლასელების განათლების დონე დაბალია. მოლოდინი მაღალი მაქვს, რადგან ჩვენი აბიტურიენტების დონე ვიცი და ნამდვილად მეიმედებიან. ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებს წარმატებით დაასრულებენ.
მთვარისა ახვლედიანი, ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი:პანდემიამ თავისი კვალი, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესს დაამჩნია, თუმცა ჩემს მე-12 კლასის მოსწავლეებს უპასუხისმგებლობას ნამდვილად არ დავაბრალებ. დისტანციური სწავლებისას თუკი ინტერნეტი ამის საშუალებას აძლევდათ ერთვებოდნენ და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ სწავლას. მას შემდეგ რაც პირდაპირ რეჟიმში ვართ რა თქმა უნდა ამ კუთხითაც იყვნენ მონდომებულები და პროგრამაც აითვისეს. თავად მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა სხვა წლებთან შედარებით სასწავლო დონე ჩავარდნილია მეთქი. ადრეც იყვნენ კარგი, საშუალო და სუსტი მოსწავლეები. სკოლამ, მოსწავლეთა მშობლების აქტიური ჩართულობით, ვეცადეთ სასკოლო გარემოსა და შედეგებზე, დისტანციური სწავლება არ ასახულიყო. წელს სკოლას 7 მოსწავლე ამთავრებს და მათგან 5 აბიტურიენტია. პირადად მე ხუთივეს იმედი მაქვს.
ზაზა გოგოლაძე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის დირექტორი:თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითქმის უკვე მეთორმეტეკლასელების მესამე გამოშვებაა პანდემიის პერიოდში, მონდომება მაინც მაღალია და სასწავლო პროცესში აბიტურიენტები აქტიურად არიან ჩართულები. ცოდნის დონეს რაც შეეხება, ამას გამოცდებზე მიღებული შედეგები გვიჩვენებს. სასკოლო დონე საშუალო ხარისხით შემიძლია შევაფასო. არის კატეგორია მოსწავლეების, რომლებიც უმაღლესი ხარისხით სწავლობენ წელს ოთხი მედალოსანიც გვეყოლება. ჩემს სკოლას 23 მოსწავლე ამთავრებს და მათგან 16 აბიტურიენტია. ვინც უმაღლესში არ აბარებს ალბათ პროფესიას აირჩევენ და პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელებენ სწავლას.
ნინო ნიკოლეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი:ვფიქრობ, დისტანციურ სწავლებას მეტ-ნაკლებად თავი გაართვეს. ჩემს მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან წვდომა ჰქონდათ. ზოგადად კი მიმაჩნია, რომ დისტანციურმა სწავლებამ ყველაზე და ყველაფერზე იმოქმედა, მაგრამ შეძლებისდაგვარად შეძლეს სკოლის წარმატებით დასრულება. ჩვენს სკოლაში ძალიან კარგი ბავშვები გვყავს, სულ 9 მოსწავლეა, რომელთაგან ექვსი აბიტურიენტია. ვინაიდან კარგი კლასია, მოლოდინიც შესაბამისად კარგი გვაქვს.