- მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულმა სწავლებამ სკოლა და პედაგოგი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენა, ვფიქრობთ, მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესების დაცვით, ჰიბრიდული მოდელი გამოყენებულ იქნას მომავალშიც, საჭიროებებიდან გამომდინარე.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?- სადიაგნოსტიკო შეფასება, შესაძლებელია, ეფექტურად იქნას გამოყენებული განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. თუმცა ვთვლით, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა, როცა გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლა-სწავლების ხარისხის საწყისი მდგომარეობა - მოსწავლეთა მიღწევების შესადარებლად. დაგეგმვა ისეთ სტრატეგიებს უნდა მოიცავდეს, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ მისაღწევი მიზანიც და გაწეული საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებიც. ამდენად, აღნიშნული ტესტირების გასახორციელებლად საჭიროა მომზადება, ვფიქრობთ, რომ სასწავლო წლის პირველი ნახევარი იქნება აღნიშნული ტესტირების ჩატარების იდეალური დრო, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს უნდა მოხდეს სადიაგნოსტიკო ტესტირება მეორედ - შედეგების შესადარებლად.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?- სკოლისა და მოსწავლის წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის უწყვეტი კავშირი, სკოლის განვითარებისათვის კი რეალისტური მიზნები და მოტივაცია, განვითარების გეგმა და მონიტორინგი, ხარისხის კულტურა, თანამშრომლობა და თანამონაწილეობა...ეს და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები წარმატებით ხორციელდება ჩემს სკოლაში. სასურველია, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 18-20 მოსწავლეს...მცირე კონტინგენტი არ უნდა ახდენდეს გავლენას სკოლის ბიუჯეტზე, გადასახედია სახელმძღვანელოების არჩევის საკითხი.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად?- როგორც ყველაფერი ვითარდება და იცვლება, განათლების სისტემაშიც საჭირო არის და ხორციელდება კიდეც რეფორმები.. ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ პროცესს, მიღწევები კი უნდა აისახოს მოსწავლეებზე. ყოველ სიახლეს შესაბამისი მასამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ, ტრენინგები, მასწავლებელთა გადამზადებები. დანერგვისას არის პრობლემები, სირთულეები, არის წარმატებები...ყურადღებას გავამახვილებ ,,ახალი სკოლის მოდელზე’’, რომელმაც თითოეულ სკოლას შესთავაზა თავის ძლიერი და სუსტი მხარეების პროფილი, რომლის მიხედვითაც მას თავისი სამოქმედო გეგმის შემუშავება შეუძლია. ახალი სკოლის მოდელის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ მოდელში, ისაა, რომ თავად ვქმნი და ვგეგმავ სასწავლო გეგმასა და გაკვეთილს. „ახალი სკოლის მოდელი“ არის პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ პრობლემების ანალიზით და ჩვენივე ხელით, ჩვენსავე სკოლაში შევქმნათ ნიმუში იმისა, თუ რა არის ჩვენთვის კარგი სკოლა და კარგი სასწავლო პროცესი. შემდეგ კი მის დახვეწასა და განვითარებაზე ვიზრუნოთ.