14 შეცდომა, რომელსაც პედაგოგები მოსწავლეებთან კომუნიკაციის დროს უშვებენ
20-09-2022

სწავლების პროცესში მასწავლებელს ბევრი რამის გათვალისწინება ევალება - თემის ახსნა, მოსწავლეებამდე საკითხის სწორად და მარტივად მიტანა, აქტივობების დაგეგმვა და მასში ყველა მოსწავლის ჩართვა.

საგაკვეთილო პროცესში კითხვა-პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ კითხვების დასმით მიჰყავს მასწავლებელს მოსწავლე სწორ პასუხამდე, კითხვების მეშვეობით ააზრებინებს ბავშვს ამა თუ იმ საკითხს და ასწავლის სიღრმისეულად. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კითხვების სწორად დასმას.

მასწავლებელი კითხვების დასმის დროს შეიძლება უშვებდეს ისეთ შეცდომებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეთა ჩართულობაზე და ხელს უშლის შედეგების მიღებას. გავრცელებული შეცდომები კი ასეთია:

მასწავლებელი

  • მოსწავლეს არ უყურებს;
  • კითხვებს სწრაფად სვამს;
  • გულისყურით არ უსმენს;
  • ერთი კითხვიდან მეორეზე ხტება;
  • ბევრ კითხვას სვამს ერთდროულად;
  • სვამს კითხვებს და თავად პასუხობს;
  • კითხვებს მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს უსვამს;
  • რთულ კითხვებს ლოგიკისა და თანმიმდევრობის გარეშე სვამს;
  • შეუსაბამო კითხვებს სვამს;
  • ყოველთვის ერთნაირი ტიპის კითხვებს სვამს (მაგ.: დახურულს);
  • მოსწავლეებს ფიქრის საშუალებას არ აძლევს;
  • მოსწავლეთა პასუხებს იგნორირებას უკეთებს;
  • მოსწავლეთა პასუხებზე დასკვნებს არ აკეთებს;
  • კითხვებს მოსწავლეთა პასუხებზე არ აგებს

გავრცელებული შეცდომაა, როდესაც მასწავლებელს წინასწარ აქვს მოაზრებული, თუ რა პასუხს ელის მოსწავლისგან ღია შეკითხვის დროს და აიძულებს მოსწავლეს, მივიდეს მის პასუხამდე. ღია კითხვებზე პასუხები სხვადასხვაგვარი არსებობს, რომელიც შეიძლება მასწავლებლისათვის არ იყოს მოსალოდნელი პასუხის მსგავსი, მაგრამ იყოს კითხვის შესაბამისი. თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს განსაზღვრული, რა უნდა უპასუხონ მოსწავლეებმა, მაშინ ასეთი კითხვა არ შეიძლება ღია კითხვად ჩაითვალოს. ასეთ დროს მოსწავლეები ცდილობენ, მიხვდნენ, როგორი პასუხის მიღება სურს მასწავლებელს და ასეთი პასუხი კი არ წარმოადგენს მოსწავლის ნააზრევს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203