„სადიაგნოსტიკო ტესტირება მასწავლებლებს სასწავლო დანაკლისის განსაზღვრაში დაეხმარება“ - მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად
etaloni.ge ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა გოცირიძეს დაუკავშირდა.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?- სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც თუ დარჩება იქნება კარგი იმ კუთხით, რომ განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისას ძალიან გამოგვადგება, როგორც მასწავლებლებს ასევე, მოსწავლეებს და ზოგადად სკოლას.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?- ვფიქრობ ეს საჭიროა. სკოლა და მასწავლებელი მაინც ახდენს მოსწავლეებში პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკლისების გამოკვლევას, ცდილობს განსაზღვროს იგი და დასახოს აღმოფხვრის გონივრული გზები. სადიაგნოსტიკო ტესტირება მასწავლებლებს სასწავლო დანაკლისის განსაზღვრაში დაეხმარება. როდესაც განსაზღვრული იქნება სასწავლო დანაკლისები, მოხდება პრობლემის აღმოფხვრის უფრო გონივრული გზების დასახვა.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?- აუცილებლად ვეცდები დრო უფრო ეფექტურად გავანაწილო, დამატებითი დროც გამოვყო სასწავლო დანაკლისების ასანაზღაურებლად. ვფიქრობ, დამატებითი დრო აუცილებელად იქნება საჭირო.