მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.
2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსი:
• 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებელი.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობის მიღება (იტალიური ენის საგნის მასწავლებლების შემთხვევაში) შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით;
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:
ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ.ბმული).
ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;
გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
ე) პროფესიულ გაერთიანებას.
„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 6 მაისიდან - 20 მაისის ჩათვლით.
კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“, რომელიც შეფასდება „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ შეფასების რუბრიკის საშუალებით, ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე/ გაკვეთილებზე დასწრებით (გაკვეთილი ფასდება მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 2019 წლის 12 ივნისის N124 ბრძანებით, დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის მიხედვით).
ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის როლით და მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ (მაგ. მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი,დამსახურება).
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).
რეგისტრაციის ბმული:
საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.
საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3 წთ. ხანგრძლივობის) ისაუბრეთ:
1. თქვენთვის, როგორც პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ;
2. აღნიშნეთ (მოიყვანეთ მაგალითები), როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში
გთხოვთ, ვიდეოჩანაწერი გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com