რა სახის ღონისძიებები შეიძლება დაგეგმონ მასწავლებლებმა სასწავლო წლის ბოლოს?
27-05-2022

სასწავლო წლის დასრულებას ხშირად, სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით აღინიშნება. განსაკუთრებულად დაწყებითი კლასების მასწავლებლები ცდილობენ, მოსწავლეებს შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქონ.

I კლასებში წლის ბოლოს ანბანის შესწავლას აღნიშნავენ ხოლმე, IV კლასის მოსწავლეები კი პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. პედაგოგები წინასწარ გამზადებულ სცენარებს იძიებენ, ბავშვებს სასწავლად ლექსებსა და სხვადასხვა როლს უნაწილებენ.

სავალდებულოა თუ არა სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიებების დაგეგმვა?

აღნიშნული აქტივობა სავალდებულო ნამდვილად არ არის. ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს შემოქმედებით უნარ-ჩვევებს უვითარებს, თუმცა რამდენად სწორად იგეგმება სასკოლო ზეიმები, ეს ცალკე საკითხია.

თანამედროვე სწავლების მიხედვით სკოლა მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული, შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესიც. უნდა მას ღონისძიებაში მონაწილეობა? სურს საზეიმოდ იმ ლექსის სწავლა, რომელიც მასწავლებელმა დაავალა? მოსწონს ის როლი, რომელიც მას ერგო? ხშირად, ეს საკითხები მშობელთა უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა. მაშინ როგორ უნდა დაგეგმოს პედაგოგმა ღონისძიება, რომ ყველა ბავშვი კმაყოფილი დარჩეს? პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ყველა მოსწავლის სურვილი და მათი შესაძლებლობები.

რა აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს სასწავლო წლის ბოლოს?

გარდა ფორმალური ღონისძიებისა, სადაც მხოლოდ ლექსები და სიმღერებია ხოლმე წარმოდგენილი, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს უფრო საინტერესო აქტივობები შესთავაზოს. მაგალითად, კომპლექსური დავალება დაგეგმოს და მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყონ. მოგეხსენებათ, კომპლექსური დავალებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშავდება, თითოეული მოსწავლის ნამუშევრის წარდგენას კი დრო სჭირდება, ყველა მოსწავლის პრეზენტაციისთვის ერთი გაკვეთილი არ კმარა, ამ სახით წარმოდგენილი ღონისძიება კი ინდივიდუალური და საინტერესო იქნება. 

სახალისო აქტივობად ითვლება ვიქტორინაც. ასევე შესაძლებელია ე.წ. ფლეშმობის დაგეგმვა და მუსიკალური ღონისძიების მოწყობა. არანაკლებ საინტერესოა როლური თამაშები, სადაც პედაგოგს შეუძლია, მოსწავლეებს შესწავლილი მასალიდან გაუნაწილოს როლები და პატარა სპექტაკლი დადგას.

ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარია, აქტივობამ ბავშვები წაახალისოს და მათი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203