კერძო სკოლა „მილენიუმი“ ერთ-ერთ კლასს აგვისტოს ომის გმირის სახელს მიანიჭებს
15-03-2018
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმს“ უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები სტუმრობდნენ.

სკოლის აღსაზრდელების - მეოთხე კლასელი დემეტრე და მეხუთე კლასელი ანასტასია ფერაძეების მამა ზაზა ფერაძე აგვისტოს ომის გმირია. სწორედ მის სახელს ატარებს სერჟანტთა მომზადების ცენტრი.  

ღონისძიებას ზაზა ფერაძის მეუღლე, ნათია ფერაძე, რუსთავის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.  

ჯარისკაცებმა 2008 წლის ომის გმირები გაიხსენეს და მათ ზაზა ფერაძის პიროვნების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნეს. 

ცენტრის მთავარმა სერჟანტმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ისტორიისა და ამოცანის შესახებაც ისაუბრა. 

„ტკივილით სავსეა ომის გმირის ისტორიის გახსენება, მაგრამ სიამაყის გრძნობაც თან ახლავს... ურთულესია უმამოდ შვილების გაზრდა, მაგრამ რეალური ზნეობრივი გმირის მაგალითი სახლშია და წიგნებში აღარ გჭირდება მისი ძიება",- აღნიშნავენ სამხედროები.  

სამხედრო მოსამსახურეების თქმით, ზაზა ფერაძის ისტორია უხცოსაც ვერ დატოვებს გულგრილს.

„ეს მისი მეორე ომი იყო, აფხაზეთის უსამართლობას მის გულში სამუდამო იარა დაეტოვებინა… ცხინვალიდან ორჯერ ცოცხალი გამოვიდა და მის განკარგულებაში მყოფი ბიჭებიც  გამოუყვანია ალმოდებული ქალაქიდან. თავად მხარში იყო დაჭრილი, თუმცა მესამედაც შებრუნდა ქალაქში განსაცდელში მყოფი თანამებრძოლების დასახმარებლად. ბიჭებს უთქვამთ, სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო… რაზეც ზაზას უპასუხია, ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ ჯერ არც ცოლები ჰყავთ და არც შვილებიო.  
   
ცხინვალში შებრუნებულს მეორე ტყვია ხელში მოხვდა, თუმცა უკან არ დაუხევია. მის წინ სნაიპერმა 7 ქართველი მოკლა. გამწარებულს სნაიპერი შორიდან დაუნახავს და მისკენ ისე წასულა, რომ ვერ შეემჩნიათ… სნაიპერმა ზაზა მართლა ვერ დაინახა, თუმცა მის უკან მიმავალ ქართველს ესროლა. სნაიპერის ტყვიამ ზაზა სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როცა დაჭრილი თანამემამულის გადასარჩენად უკან მიბრუნდა“,- გაიხსენა ეროვნული გმირი მისმა მეგობარმა.  

სკოლაში მისვლამდე დემეტრესა და ანასტასის მამის მეგობრებმა თანამებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს. 


საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ზაზა ფერაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის კაპელანმა, მამა გიორგიმ გმირი სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა ამით არ ამოწურულა. სკოლის დირექციასთან ერთად, მათ შორს მიმავალი გეგმები აქვთ. 

სამხედრო სასწავლებლის მესვეურები ყოვეთვიურად შეხვდებიან მოსწავლეებს და საინტერესო თემებზე ლექციური ტიპის შეხვედრებს ჩაატარებენ. სამხედროები „მილენიუმის“ მოსწავლეებს სამხედრო ბაზებზე წაიყვანენ, გაიმართება უფრ. სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის თასის სპორტული შეჯიბრებები, „მილენიუმის“ ერთ-ერთ კლასს კი ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭება.

„სამშობლოს სიყვარული ცარიელი სიტყვები არ არის და არც უნდა იყოს. სამშობლო უნდა შეიყვარო და შეიმეცნო მისი ისტორიითა და კულტურით. ეს კი ყველა მოქალაქის თვითშეგნებამდე უნდა მივიდეს და ამ გზაზე უნდა თავისი სიტყვა თქვას ჩვენმა სკოლამაც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203