დაწყებითის პედაგოგებს გამოცდაზე საბაზო საფეხურის მასწავლებლებზე ნაკლები ცოდნა მოეთხოვებათ?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ რა განსხვავება I-IV -სა და I-VI კლასის ტესტებს შორის, როგორ უნდა მოემზადონ გამცოდაზე გასვლის მსურველები და რა შეიცვალა დაწყებითის კომპბინერებულ ტესტში.
- რითი განსხვავდება I-IV -სა და I-VI კლასის ტესტები ერთმანეთისგან?
- როგორც ცნობილია, I-IV და I-VI კლასების ტესტების საგნობრივი ცოდნის ბლოკები სტრუქტურულად განსხვავებულია, აკადემიური უნარების ნაწილი კი – მსგავსი. რაც შეეხება I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილსა და I-VI კლასების ქართულის ტესტს შორის სტრუქტურული სხვაობა არ არის. ცხადია, I-VI კლასების მასწავლებლებისთვის დავალებათა რაოდენობა მეტია, ასევე, რადგანაც თავად საგნობრივი სტანდარტებიც განსხვავებულია, I-VI კლასების ტესტის დავალებათა სირთულე I-IV კლასების ტესტის სირთულეს გარკვეულწილად აღემატება.
- როგორ მოვემზადოთ I-IV კლასის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისათვის?
- გაეცანით ჩვენს
კრებულს. კარგად გაიაზრეთ თითოეული რეკომენდაცია, მითითება, ინსტრუქცია. გაეცანით ჩვენს ტესტებს (წინა წლებში გამოყენებულს, რომლებიც იძებნება ინტერნეტსივრცეში), კარგად დააკვირდით ტესტის ფორმატს, პასუხების ფურცელს. თუმცა ზედმეტი მიჯაჭვულობა ძველ ტესტებზე არ არის რეკომენდებული, რადგან ტესტური დავალებების შესრულება (თუნდაც ბევრის) არ არის სწავლის საშუალება. ტესტი ცოდნისა და უნარების შესამოწმებელი ინსტრუმენტია. მთავარია, კარგად იცოდეთ ის საკითხები, რომლებიც პროგრამითაა გათვალისწინებული და გააზრებული გქონდეთ ტესტის სტრუქტურა, თითოეული დავალების ფორმატი.
- 2022 წლის ტესტი I-IV კლასის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისათვის გასული წლის ტესტის იდენტურია?
- 2022 წლის ტესტი როგორც სტრუქტურულად, ისე დავალებათა ტიპების თვალსაზრისით, შარშანდელის იდენტურია. ერთადერთი განსხვავება შეეხება ესეს დავალებას, კერძოდ, სიტყვათა მინიმალურ რაოდენობად განსაზღვრულია 120 სიტყვა.