ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ბავშვების ცნობიერების ამაღლება, ამიტომ მათ საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებს თამაშითა და საგანმანათლებლო პროექტებით ასწავლიან.
ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ინგა მჟავანაძემ, სასკოლო მზაობის ჯგუფში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სიმულაციები ჩაატარა.
აქტივობის თემა გახლდათ - „რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების შემთხვევაში?“.
სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, სასკოლო მზაობის აღმზრდელ- მასწავლებელმა დაგეგმა საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტი - „ახალი ამბები“. პროექტზე მუშაობისას ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, გაიგეს რა იწვევს მიწისძვრას, როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციის დროს და რა უსაფრთხოების წესების ცოდნაა საჭირო ევაკუაციისას.
ბავშვები თამაშ-თამაშით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საბავშვო ბაღის შენობაც „დედამიწაზე” დგას და აუცილებელია ისეთი წესების ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს მიწისძვრის დროს მათ უსაფრთხო ევაკუაციას.
ასევე პროექტის ფარგლებში აღსაზრდელებმა ნახეს ვიდეომასალა, თუ როგორ მზადდებოდა სატელევიზიო გადაცემები.
პროექტის დასასრულს, თემიდან - „ახალი ამბები” გამომდინარე, როლური თამაშების ცენტრში დაიგეგმა თამაში - „ჩვენ ეთერში გავდივართ“.
როგორც ბაღში აღნიშნავენ, მსგავსი პროექტები ორიენტირებულია ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: