მას შემდეგ, რაც კოვიდრეგულაციების უმრავლესობა მოიხსნა, თსუ-ში მეორე სემესტრი დასწრებით ფორმატში უნდა განახლებულიყო, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ისინი მიზეზად ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ სასწავლო წლის დასასრულისთვის რაიონიდან ჩამოსვლისა და ბინის ქირაობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. საკითხს განათლების სამინისტროც გამოეხმაურა და თსუ-ს ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართა, სტუდენტთა ინტერესები გაეთვალისწინებინათ, რასაც უმაღლესი სასწავლებლის განცხადება მოჰყვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.
შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში. რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
იხილეთ ასევე:
განათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულოს