წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ვალდებულებები - რის მიხედვით შემუშავდა საგამოცდო პროგრამა
06-06-2022

წამყვანობისა და მენტორობის გამოცდისთვის, მაქსიმალური ქულა და მინიმალური ზღვარი უკვე ცნობილია, პედაგოგების ნაწილი ამტკიცებს, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნები წაუყენეს პედაგოგებს. თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები, დოკუმენტს კი ხელს განათლების მინისტრი აწერს.

სტანდარტის თანახმად, წამყვანი მასწავლებელი ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში, საჭიროების შემთხვევაში კი, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს.

ასევე წამყვანს აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს  ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს.

ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით; ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად; სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან; ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში; ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას; არის ინიციატორი, გეგმავს და  სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს.

რაც შეეხება კომპეტენციებს, წამყვან მასწავლებელს შეუძლია მასწავლებლის საჭიროებების იდენტიფიცირება; გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შერჩევა; პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშვება და გეგმის განხორციელების მონიტრინგი; აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი – შეუძლია განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება.

წამყვან მასწავლებელს აქვს ინფორმაციის მოძიების, გაფილტვრის, დამუშავების უნარი; ცოდნა ზოგადი განათლების პოლიტიკისა და მართვის შესახებ; იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს; არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

იმავდროულად, აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება სკოლისა და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროებიდან გამომდინარე, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, ინტერვენციების შედეგების შეფასება  და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება; აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი სკოლის ინტერესები; შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.

შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება; აქვს მკაფიო ხედვა სკოლის საგანმანათლებლო საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ; აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი ორგანიზაციის ინტერესები. აქვს სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების უნარები; კარგად იცის და იზიარებს სამოქალაქო ღირებულებებს, შეუძლია მათი დანერგვა სკოლაში და თემში. აქვს ჩამოყალიბებული რეგიონის განვითარების  ხედვა; შეუძლია გაეცნოს და მოსწავლეებში პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიებს, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.

წამყვანი მასწავლებელი იცნობს და იზიარებს გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებს; აქვს უნარი, გააზიაროს და გაავრცელოს გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპები სკოლაში; ახორციელებს აქტივობებს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით.

რაც შეეხება მენტორი მასწავლებლის ვალდებულებებს, ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს   და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით  გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას. შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე  ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად.

მენტორი მასწავლებელი ფლობს და იყენებს სკოლის საჭიროებების დადგენის სხვადასხვა მეთოდოლოგიას; აქვს ანალიტიკური, კვლევითი უნარები და სტრატეგიული ხედვა; შეუძლია სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით.

აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება,  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო თუ უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, ასევე გლობალური პროექტების შესახებ;

შეუძლია თანამშრომლობის მიზნის განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან  სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას;

მენტორს შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება; აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს სკოლის ინტერესები; აქვს კარგად განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები.

იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203