აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებს მიეძღვნა. ანგარიშში საუბარია, რომ რეგიონის სკოლებში კვალიფიციური კადრის სიმცირეა, რამაც არაერთი პრობლემა შექმნა, ბავშვების ნაწილმა კი სათანადო განათლების მიღება ვერ შეძლო.
„მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში არსებობს სხვადასხვა საგნის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განათლების სისტემის მიერ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების გზით ამ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და მოსწავლეებისთვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას − „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამას − „დისტანციური სწავლება.
პროგრამის ფარგლებში ცენტრი სკოლებიდან იღებს ინფორმაციას კონკრეტულ საგნებში მასწავლებელთა დეფიციტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება საჭირო კადრის მოძიება სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, ვაკანსიები რჩება შეუვსებელი.
აღსანიშნავია, რომ 2020-2021 სასწავლო წელსა და 2021-2022 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში, პანდემიიდან გამომდინარე არ გამოცხადებულა მასწავლებელთა კონკურსი, შესაბამისად, ვერ შეივსო ვაკანსიები.ყველაზე მეტი შეუვსებელი ვაკანსია დარჩა 2019-2020 სასწავლო წელს. მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად სამ რეგიონში გამოიკვეთა. ესენია: გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო საგნობრივ ჭრილში დეფიციტი აღინიშნება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და უცხოურ ენებში.
აუდიტის ჯგუფმა ასევე გააანალიზა საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების მონაცემთა ბაზები (ემისის ინფორმაცია) და შეუდარა „ასწავლე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში სკოლების მიერ მოთხოვნილ მასწავლებელთა შესახებ ინფორმაციას. რიგ შემთხვევებში პროგრამაში ფიქსირდება კონკრეტულ სკოლაში რომელიმე საგნის მასწავლებლის დეფიციტი, მაშინ როცა ემისის ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში არიან შესაბამისი საგნების მასწავლებლები“, - აღნიშნულია ანგარიშში.