სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება
16-05-2022

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 20 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. კანდიდატთა რეგისტრაცია 8 ივნისიდან დაიწყება და 14 ივნისის ჩათვლით გასტანს.

სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს. ამასთანავე, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ, მათ ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს. დამკვირვებლებმა რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.

ხაზგასასმელია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა  3 წლის ვადით ხდება.

სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები 20 ივნისს საქართველოში რიგით მეექვსე იქნება. პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203