„დედაენის დღეს“ შესაძლოა სახელი გადაერქვას - საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს
17-05-2022

14 აპრილი სამართლებრივად გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ - ამ საკანონმდებლო ინიციატივით მოქალაქე რატი ფუტკარაძემ  პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა. საკითხზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ხვალ, 18 მაისს იმსჯელებენ.

როგორც ინიციატივის ავტორი აღნიშნავს, 14 აპრილი აღინიშნება როგორც „დედაენის დღე“ და ეს ტერმინი არ შეესაბამება იმ ისტორიულ მოვლენას, რომლის გამოც ჩვენი სახელმწიფო 14 აპრილს აღნიშნავს.

„1978 წლის 14 აპრილს ხალხი ქუჩაში გამოვიდა არა დადენის დასაცავად არამედ სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად; გამომდინარე აქედან 14 აპრილი არის და სამართლებრივადაც უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ, ქართველოლოგის, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წერილს 14 აპრილთან დაკავშირებით, რომელიც შევიდა 2019 წელს გამოცემულ ტარიელ ფუტკარაძის ნაშრომში - „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“.

„1978 წლის 14 აპრილს საქართველოს რჩეულმა საზოგადოებამ დაიცვა საქართველოს სსრ სახელმწიფო ენის სტატუსი; მალევე, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს დღე გამოაცხადა „დედაენის დღედ". ქართველების გარდა, საქართველოში რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთა დედაენა არის სხვა ენა (აფხაზური, სომნური, რუსული, აზერბაიჯანული...); შესაბამისად, გაბუნდოვანდა 14 აპრილის მოვლენის არსი - 14 აპრილი - სახელმწიფო ენის დაცვის დღე. 14 აპრილი თავიდანვე სახელმწიფო ენის დღედ რომ გამოცხადებულიყო, საქართველოში ხელი შეეწყობოდა მოსახლეობის კონსოლიდაციას და არა - დეზინტეგრაციულ პროცესებს (მაგ., აფხაზეთში). მომავალში მაინც საქართველოს ყველა მოქალაქემ, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, 14 აპრილი უნდა იზეიმოს, როგორც თავისი სახელმწიფო ენის დღე. შდრ.: ყველა ეთნიკურ უმცირესობას სხვა დღე აქვს (ან უნდა ჰქონდეს) თავისი დედაენის დღის აღსანიშნავად; 14 აპრილი კი საქართველოს მოქალაქეთა კონსოლიდაციის დღე უნდა იყოს, დღე, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს სახელმწიფო ენის დღეს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება 14 აპრილს ჯერ კიდევ საბჭოური კვალიფიკაციით აღნიშნავს: 14 აპრილი ოფიციალურად აღინიშნება „დედაენის დღედ“;  ამგვარი კლასიფიკაცია დღესაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა დეზინტეგრაციას.  ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 14 აპრილი გამოცხადდება სახელმწიფო ენის დღედ. 14 აპრილი საქართველოს ყველა მოქალაქემ (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად) ერთნაირად უნდა იზეიმოს, როგორც თავისი სახელმწიფო ენის დღე.

საკანონმდებლო წინადადებით მსურს, რომ 14 აპრილი სამართლებრივად გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ, რადგან სწორედ სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა იყო 1978 წლის 14 აპრილის პროტესტის მიზეზი და ჩვენი თანამოქალაქეების დედაენებს 1978 წლის 14 აპრილს საშიშროება სახელმწიფოს მხრიდან არ შექმნია.

14 აპრილი, როგორც სახელმწიფო ენის დღე, ისტორიულად არის მოქალაქეების ისეთივე გამაერთიანებელი, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და საბჭოთა ხელისუფლებას 14 აპრილის დედაენის დღედ გამოცხადებით საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის დაშლა უნდოდა“, - აღნიშნავს ინიციატივის ავტორი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203