„არავითარი ქონება და სიმდიდრე არ შეედრება მასწავლებლობას ამქვეყნად“ - ნელი ციცქიშვილი წყალშავის საჯარო სკოლაში 48 წელია ასწავლის
19-03-2018

ნელი ციცქიშვილი წყალშავის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა  და ლიტერატურას 48 წელია ასწავლის. მისი მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსში უკვე წლებია იმარჯვებენ. მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც. 

ნელი ციცქიშვილი ჭიათურის სოფელ ზედა უსახელოში დაიბადა. მომავალმა მასწავლებელმა სკოლა და უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და 1970 წლიდან წყალშავის საჯარო სკოლაში მუშაობს.

- ქალბატონო ნელი, რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა?

- მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემი ჰობი და სიხარულია. ჯერ კიდევ სკოლის ასაკამდე მასწავლებლობანას ვთამაშობდი, დიდი სურვილი მქონდა მასწავლებელი გავმხდარიყავი და ეს ოცნება ავისრულე. უკვე 48 წელია სკოლაში ვმუშაობ და ვერც წარმომიდგენია სხვაგან მუშაობა. ჩემი მუშაობის პერიოდში არ ყოფილა ერთმანეთის მსგავსი ორი დღე. როგორც ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან ყოველდღე, მეც ასევე ვიცვლები მათთან ერთად. მასწავლებლობა ჩემი გულის, გონების და სულის სიჯანსაღეა. არავითარი ქონება და სიმდიდრე არ შეედრება მასწავლებლობას ამქვეყნად. 

- თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ იყო კარგი მასწავლებელი?

- კარგი მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცოდნა და უყვარდეს თავისი პროფესია, უყვარდეს ბავშვები. ბავშვების სიყვარული მას დაეხმარება განავითარებინოს მათ ყველა ის უნარი, რაც თითოეულ მათგანს აქცევს ღირსეულ მოქალაქედ. მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს ბავშვებს, რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს მათი სულის საიდუმლოს და იზრუნოს მათი განვითარებისთვის. საჭიროა ზუსტი და თანმიმდევრული განვითარება, სიახლეების გაცნობა და მუშაობის დროს მათი გამოყენება. 

- რა პრობლემებს ხედავთ სკოლაში და რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით საგანმანათლებლო სისტემაში?

- სკოლა და მოსწავლეები მუდმივი რეფორმის პროცესშია, რაც გარკვეულწილად აისახება სწავლების მიმართ. მაგალითად, ბავშვები გაიტაცა კომპიუტერმა და დაშორდნენ წიგნებს. მოსწავლეებს ვურჩევდი მეტი დრო დაუთმონ სწავლას და წიგნები გაიხადონ ცხოვრების მეგზურად. 

სკოლაში ძალიან დიდი პრობლემაა მშობლების გულგრილი დამოკიდებულება შვილის სასწავლო პროცესისადმი, არადა მათი მიზანმიმართული ურთიერთობა აუცილებელია დასახული მიზნების განსახორციელებლად. ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. 

საგანმანათლებლო სისტემაში დავაბრუნებდი 11 წლიან სწავლებას და კლასებში აღვადგენდი შრომის გაკვეთილებს, რაც მეტად აინტერესებთ მოსწავლეებს. სასწავლო წელს განვსაზღვრავდი პირველი სექტემბრიდან 30 მაისამდე. 

- როგორია ბავშვებთან ურთიერთობა? რა გრძნობაა, როდესაც თქვენი მოსწავლე წარმატებებს აღწევს?

- არ არსებობს სიტყვა ან ფრაზა, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობას ასახავს. ბავშვები ჩემი უმცროსი მეგობრები და ჩემი სულის ექიმები არიან. მათთან ურთიერთობის დროს ყველანაირი ტკივილი, დარდი, ფიქრი მავიწყდება და ისე ვერთვები მგონია, რომ ყოფითი პრობლემა არასდროს მქონია.

როცა ვხედავ, რომ ბავშვებს აქვთ სურვილი ცოდნა შეიძინონ და მეტი ისწავლონ, სულ სხვა სამყარო იქმნება ჩემ ირგვლივ. ამით უფრო მოტივირებული ვხდები და ვაღწევ გარკვეულ წარმატებას. არ არსებობს იმაზე დიდი გრძნობა, რომელიც გამომიცდია ჩემი მოსწავლის წარმატებით. 

- თქვენ როგორც გამოცდილი მასწავლებელი, რა რჩევას მისცემდით მომავალ მასწავლებლებს?

- მომავალ მასწავლებლებს მუშაობა მოუწევთ საინფორმაციო-ტექნოლოგიების გამოყენებით, ამიტომ ვურჩევდი მათ ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რაც მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ, იყვნენ  მეგობრები, თანამშრომლები და ამავდროულად მოსწავლეების თანატოლები, ისწავლონ ერთმანეთისგან. მიმაჩნია, რომ ბავშვებისგანაც შეიძლება ისწავლო ბევრი რამ. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მასწავლებელი, როგორც ცოდნით, ასევე მაგალითის მიმცემი მათთვის, იქნება ეს ჩაცმა თუ ქცევა. ვისურვებდი, მათ ჰქონდეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი სინდისისა, ისე საზოგადოების წინაშე და არ დაიშურონ ღიმილი მოსწავლეებისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203