სამღერეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს ევროკავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ
16-03-2018

სამღერეთის სკოლის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი სუსანა მარაზუელა ასპიროზმა მოსწავლეებისთვის ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის თემაზე ლექცია-სემინარი გამართა. 

მოსწავლეები სტუმარს გულთბილად შეხვდნენ, სალექციო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვებიც დასვეს. 

სუსანამ ხაზგასმით ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში. 

„თქვენ ხართ ჩვენი იმედი და მომავალი“ - ამ სიტყვებით დაასრულა მან ლექცია.

შეხვედრის დასასრულს, ბავშვებმა სტუმარს საჩუქრად ქვემო ქართლის გეოგრაფიისა და ისტორიის შესახებ დასურათებული წიგნი გადასცეს, რომელზეც ფერმერთა ცენტრის მოსწავლეების ხელმოწერები იყო დატანილი. სუსანამ კი ახალგაზრდებს ევროკავშირის რუკა უსახსოვრა.

აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობს ორგანიზაციათა კონსორციუმი RDFG-ს ხელმძღვანელობით.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC) ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს.

აღნიშნული ცენტრის მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. 

სამღერეთის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი ერთ-ერთია იმ 4 ცენტრიდან, რომელიც პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩამოყალიბდა.

 პროექტის დასრულებამდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 18 ფერმერთა ცენტრი იფუნქციონირებს.

პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე - პროექტის შესახებ. 

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მოდელის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ - ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის მოდელი.

იხილეთ ფოტოები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203