„თუ ბავშვს 30%-იანი გაცდენები აქვს, როგორ შეიძლება კლასიდან კლასში გადაიყვანო?!“-დირექტორები ექსტერნატის გამოცდების შესახებ
19-05-2022
მოსწავლეებს 2019-2020 სასწავლო წლიდან გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდები არ ჩაუბარებიათ, აქამდე არსებული წესით კი საბაზო-საშუალო საფეხურის ბავშვს სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის გაცდენის შემთხვევაში მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების საფუძველზე ფასდებოდა.

საინტერესოა, ხედავენ თუ არა სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები ექსტერნატის გამოცდების საჭიროებას - ამის გასაგებად კი etaloni.ge მათ დაუკავშირდა:

დემურ გაგუა, ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპზე, ჩვენთან ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა არ არის, რადგან ბავშვები გაკვეთილებს ესწრებიან. აქ ერთი საკითხიც, არის რომ ონლაინ სწავლებამ ბავშვებისთვის და მშობლებისთვის სკოლასთან ურთიერთობა გაამარტივა. ვინმეს თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, შესაძლებლობა მიეცა დისტანციურად ემუშავა. ზოგადად, ექსტერნატის გამოცდებს ვემხრობი, რადგან სკოლას გარკვეული მექანიზმი უნდა ჰქონდეს მოსწავლის გასაკონტროლებლად.

ლიანა ნოზაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ონლაინ სწავლება მხოლოდ გარკვეული მცირე პერიოდებით იყო და სკოლაში ზოგადი გაცდენები არ დაფიქსირებულა. მით უმეტეს, ჩვენი სოფლის სკოლაა და აქ ბავშვები უმიზეზოდ არ აცდენენ. ეს პრობლემა უფრო ცენტრის სკოლებს აქვთ. ექსტერნატის გამოცდების ჩატარებას კი ვემხრობი, თუ ბავშვს 30%-იანი გაცდენები აქვს, აბა როგორ შეიძლება, კლასიდან კლასში გადაიყვანო?! ვფიქრობ, ექსტერნატის გამოცდები უნდა ჩატარდეს.

დოდო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს სკოლაში ძალიან კარგი მდგომარეობაა. პანდემიის პერიოდშიც კი არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სახით შევფერხებულიყავით და ონლაინ სწავლებაზე გადავსულიყავით. პირდაპირი სწავლება იყო და გაცდენებიც, გარდა იმისა, როცა სოფელში კოვიდი მძვინვარებდა არ ყოფილა. ვფიქრობ, როდესაც მოსწავლე ფერხდება და გაკვეთილებს აცდენს ამ შემთხვევაში ექსტერნატის გამოცდების ჩატარება აუცილებლობასაც წარმოადგენს.

დავით ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს სკოლაში გაცდენების პრობლემა მაინცდამაინც არ მქონია, თუმცა ვფიქრობ, ექსტერნატის გამოცდები უნდა ჩატარდეს. მოსწავლე, როდესაც აცდენს ექსტერნატის გამოცდების ჩატარება აუცილებელია. მას ხომ ატესტატი სჭირდება?! აქედან გამომდინარე, კი ექსტერნატის გამოცდები მისთვის ერთგვარი ხელშეწყობაც კია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203