ხობის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით აღმზრელ-პედაგოგები ბავშვების არაერთ პროექტსა თუ აქტივობას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული აღმზრდელ-მასწავლებელია ინგა მჟავანაძე, რომელიც აღსაზრდელებს სამაგალითო გარემოსდაცვით განათლებას აძლევს და სპეციალურად შემუშავებულ სასკოლო მზაობის პროგრამას სთავაზობს.
ამჟამად, ბაღის სასკოლო მზაობის აღმზრდელ-მასწავლებელი კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობს.
კონკურსანტმა წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი. შედეგად, ის მეორე ეტაპის ონლაინ პრეზენტაციაზე მიიწვიეს. „მწვანე ჯილდოს“ მონაწილეების ონლაინ შეხვედრა 18 მაისს ჩატარდა. შეხვედრაზე გაიმართა იმ აქტივობებისა და პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც აღმზრდელ-მასწავლებელი გარემოსდაცვით კვირეულში „მწვანე დღეების“ აღსანიშნავად ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” პროგრამის დანერგვა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო -„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, რომელიც შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის გარემოსდაცვითი კომპონენტის შესაბამისად. ამასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ყოველწლიურად, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლებისა და მეთოდისტებისთვის კონკურსს - „მწვანე ჯილდო“ მართავს.
კონკურსი მიზნად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელ- მასწავლებლებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც აქტიურად იყენებენ „სკოლამდელ გარემოსდაცვით სახელმძღვანელოს“ და ზრუნავენ ბავშვებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ინგა მჟავანაძეს კონკურსის შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: