კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესტუმრებიან
19-03-2018

კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესტუმრებიან - ამის შესახებ Etaloni.ge - ს კასრისწყალის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ განუცხადა. 

როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან: 

„მოსწავლეები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესტუმრებიან. მსგავსი ტიპის აქტივობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ბავშვები მოწყვეტილები არიან გარესამყაროს. მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან: მონაწილეობდნენ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, რამაც მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაცია აამაღლა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბაკურიანისა და ანაკლიის ბანაკებში. სკოლის დირექცია მოსწავლეებს ყველანაირად უწყობს ხელს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ აქტივობებში,“ - აღნიშნავს გიორგი ბუღრიძე.

სკოლის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი სპორტს უჭირავს. მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. 

 

მოსწავლეები ზრუნავენ გარემოზე, მონაწილეობენ გამწვანებისა და დასუფთავების აქციაში. 

 

გიორგი ბუღრიძის თქმით, ადრე სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არ არსებობდა ელემენტარული პირობები: 

„ჩვენს სკოლაში დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, მოეწყო საპირფარეშოები, სველი წერტილები და გარე ეზო ახლით შემოიღობა. სკოლის ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ლაბორატორიაც განახლდა. ახლა მოსწავლეები ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლებას ელიან. დირექციის მიზანია, შევქმნათ ყველა პირობა, რათა ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი სწავლა-განათლება.“ 

 

შეგახსენებთ, რომ მე-20 საუკუნეში აშენებულ კასრისწყალის საჯარო სკოლაში ამჟამად 31 მოსწავლე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები სწავლობენ. სკოლას 2016 წლიდან გიორგი ბუღრიძე ხელმძღვანელობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203