სკოლებში სასადილოების ფუნქციონირება დაშვებულია, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა და ისიც დასძინა, რომ შეზღუდვის გაუქმება კერძო სკოლებსაც ეხება.
„გაუქმდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, ეს ეხება სკოლებსაც, შესაბამისად, „ბუფეტებზე“ შეზღუდვა სკოლებში აღარ არის... თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი სრულდება, ვეღარ მოესწრება გარკვეული პროცედურების გავლა, რომელიც ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასადილოების ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.
ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია მიღებული აქვს ყველა სკოლას, აუცილებელი პირობები ზაფხულში დააკმაყოფილონ, რათა, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებმა დაიწყოს ფუნქციონირება. ახლა კი, თუ რომელიმე სკოლას დასრულებული აქვს ეს პროცედურები, შეუძლია გახსნას, მათ შორის კერძო სკოლებსაც“, - განაცხადა მინისტრმა.