განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით. ამ საკითხის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდნენ.
„დღეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, შევხვდით მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს და განვიხილეთ ახალი ინსტიტუციის - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სწავლების დანერგვის საკითხი სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი უფლება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე დასახეს გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული დისციპლინის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტად.