„KIU მაძლევს რესურსს, ჩემი თავი სწორად, სწრაფად და ხარისხიანად განვავითარო“ - გაიცანით წარმატებული სტუდენტი თომა ფირცხელანი
27-05-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის წარმატებული სტუდენტი თომა ფირცხელანი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე სწავლობს. როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული სასწავლო ოლიმპიადებსა და პროექტებში. მათემატიკისა და ფიზიკის მიმართ სიყვარული კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც KIU-ში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. ამ უკანასკნელს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„პირველი კლასიდან კერძო სკოლა „ქართულ სასწავლებელში“, მე-7-დან კი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ასევე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“ და დღემდე სამივე სასწავლებელი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. შევხვდი უკარგეს პედაგოგებს და შევიძინე საუკეთესო მეგობრები.
თავიდანვე აქტიური ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მომწონდა ინტელექტუალური აქტივობები. მინდოდა, სხვაზე სწრაფად და კარგად გადამეჭრა „პრობლემა“ ან გამეკეთებინა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც გუშინ არ შემეძლო. სკოლიდანვე მიზიდავდა მათემატიკა, პროგრამირება და ფიზიკა“, - აღნიშნავს თომა ფირცხელანი და იმასაც გვეუბნება, რომ KIU-ში ჩაბარების გადაწყვეტილება მისთვის ადვილი მისაღები არ ყოფილა.
„უნდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში, რომელიც პირველად აცხადებდა სტუდენტების მიღებას და რომელიც სახლიდან საკმაოდ შორს იყო. თუმცა მე და ჩემმა ოჯახმა ეს რისკი აღვიქვით შანსად - განვვითარებულიყავი უფრო სწრაფად. ძალიან მიხარია, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე და ჩავაბარე ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში.
დღეს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი ვარ. უნდა ვაღიარო, ძალიან ბევრი სფეროა ისეთი, რომელიც ძალიან მაინტერესებს და რომელზე სწავლასაც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი.
ამასთან, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ კომპიუტერული მეცნიერება ხშირად პროგრამირებაში ერევათ. მე ვიტყოდი, რომ პროგრამირება არის კომპიუტერული მეცნიერების გამოყენებითი დარგი, რომელზეც დღესდღეობით ძალიან დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, პროგრამირების კარგ სპეციალისტებს უამრავი შესაძლებლობა და მაღალი ანაზღაურება აქვთ. პირველად სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღმოვაჩინე - სინამდვილეში კომპიუტერული მეცნიერება რა არის და რას სწავლობს. ვფიქრობ, საქართველოს უნივერსიტეტებში კომპიუტერული მეცნიერება ისწავლება, როგორც გამოყენებითი დარგი და არა, როგორც მეცნიერება. ზოგს პროგრამირება აინტერესებს, ზოგს - მეცნიერება. ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას“, - აღნიშნავს KIU-ს სტუდენტი და საკუთარი პროექტების შესახებ თამამად გვიყვება.
„რაც შეეხება ჩემს სტუდენტურ აქტივობებს, ვიყავი სტუდენტ სწავლების ასისტენტი სამ საგანში - შესავალი კომპიუტერულ არქიტექტურაში, შესავალი ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებში და შესავალი გამოთვლების თეორიაში. დავაფუძნე და ვხელმძღვანელობ საოლიმპიადო პროგრამირების კლუბს. ვიყავი „KIU π-day Math Contest 2021“-ის ერთ-ერთი ამოცანის ავტორი და ჟიურის წევრი. ასევე ვარ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიანტი და დეკანის სიის წევრი. 2021 წლის ნოემბერში სასწავლო პროგრამით გავემგზავრე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე პირველი ადგილი მოვიპოვე „KIU Visual Math Fest 2021“-ის შესაბამის კატეგორიაში. აქტიურად ვარ ჩართული „სტარტაპ“ ეკოსისტემაში, ვარ „CarTune“-ის თანადამფუძნებელი“, - გვეუბნება თომა და ისიც გაგვიმხილა თუ რას თვლის ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნად, რომელიც KIU-ში შეიძინა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე არის ის, რომ თუ კითხვა მაქვს აუცილებლად უნდა დავსვა. თუ კითხვა არ მაქვს, ესე იგი, რაღაც რიგზე ვერ არის და სასწრაფოდ უნდა ვიზრუნო ამის გამოსწორებაზე. ბაკალავრის დასრულებამდე 2 წელიწადი დამრჩა. შემდეგ სად წავალ, ვინ ვიქნები და რა შემეძლება მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაძლევს საკმარის რესურს, რომ საკუთარი თავი სწორად, სწრაფად და ხარისხიანად განვავითარო. დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს ნაცვლად ვერავინ ისწავლის, ასე რომ, აქ დაგემშვიდობებით, წიგნები მელოდებიან“, - გვითხრა თომამ.