სწორი მუსიკალური აღზრდის მაგალითი - ჭიათურის „გაერთიანებული ბაღის“ N2 განყოფილების მუსიკის მასწავლებელი ბავშვებს შთამბეჭდავ აქტივობებს სთავაზობს
31-05-2022

სკოლამდელი განათლების სფეროში ბავშვის განვითარების სტანდარტების ბოლო ვერსიაში ცალკე გამოიყო თემატური მიმართულებები: ხელოვნება, წიგნიერება და მეცნიერება. ხელოვნებაში შემავალი დარგები მუსიკა, ცეკვა, დრამატურგია, სახვითი ხელოვნება და სხვა აუცილებელი კომპონენტებია პატარების აღზრდისა და განათლების საქმეში. სხვა უნარებთან ერთად, სწორედ ეს მიმართულებები აძლევს საშუალებას აღსაზრდელებს ჰოლისტურ განვითარებას მიაღწიონ.

ეს ყველაფერი კარგად იცის ჭიათურის „გაერთიანებული ბაღის“ N2 განყოფილების მუსიკის მასწავლებელმა, მანანა წიგნაძემ. იგი პატარებს ყოველთვის მათ ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ სააღმზრდელო გარემოსა და აქტივობებს სთავაზობს.

მის მიერ ჩატარებული ყოველი მეცადინეობა მიზნად ისახავს ბავშვების სწორ მუსიკალურ აღზრდას, ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა მოსმენის კულტურა, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, დადებითი ემოციების განვითარება, კრეატიული აზროვნება, ინიციატივის გამოჩენა, წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარება, სიამოვნების მიღება, დამოუკიდებლობა, არჩევანის გაკეთება და სხვა.

ბავშვები ყველა აქტივობას ასრულებენ ხალისით, ლაღად და მხიარულად, რადგან იციან, რომ საყვარელი მანანა მასწავლებელი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მხიარულ მუსიკალურ თამაშებს შესთავაზებს. მათ განსაკუთებით უყვართ, მეორედი მასალებით მათი ხელითვე დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ორკესტრში დაკვრა.

მანანა მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს ბავშვებთან ახლო ფიზიკური კონტაქტის დამყარებას. ხშირად ჯდება მათ სიმაღლეზე და აქტიურად ერთვება ამა თუ იმ თამაშში, რადგან კარგად ესმის, რომ „თვალის-თვალთან“ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების დადებითი სოციალურ-ემოციური უნარების ჩამოყალიბებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203