მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუდენტების ფინანსური დახმარების წესი დამტკიცდა
31-05-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2022 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვით განსაზღვრულია ახალგაზრდა სპორტსმენების, ხელოვნების დარგში მოღვაწე მოსწავლეებიისა და მათი მასწავლებლების, ასევე განათლების დარგში წარმატებული სტუდენტების ფულადი წახალისება.

სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და ზამთრის სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1100-1500 ლარის ოდენობით (საპრიზო ადგილების მიხედვით), სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და ზამთრის სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა 800-1200 ლარი ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ხოლო სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ჭაბუკები 18 წლამდე და  საქართველოს ჩემპიონატზე, ოლიმპიურ სახეობაში დაკავებული საპრიზო ადგილისთვის - 600-1000 ლარი.

მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელებს რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე, გადაეცემათ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

„ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების 2022 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი განსაზღვრავს, მუსიკისა და ხელოვნების დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებს:

უმცროსი ასაკის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ მუსიკალურ გუნდებს, ცეკვის ანსამბლებს, ასევე ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებლებს, რომლებმაც სახელმწიფო უწყებების (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ან სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ ორგანიზებულ ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსებზე დაიკავეს საპრიზო ადგილი,  ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცეთ შემდეგი ოდენობით:

მუსიკალურ გუნდს ან ცეკვის ანსამბლს, რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

გრან-პრი 800 ლარი;

პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 700 ლარი;

მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი;

მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე საპრიზო ადგილისთვის განსაზღვრულია - 700-1000 ლარი, საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული საპრიზო ადგილისთვის - 800-1200; ინდივიდუალური სემსრულებლებისთვის განსაზღვრულია 400-600 ლარი, კონკურსის ტიპისა და საპრიზო ადგილის გათვალისწინებით.

ხელოვნებისა და მუსიკის დარგში მოღვაწე პედაგოგების ფინანსური დახმარება განკუთვნილია მათთვის, ვისი მოსწავლეც/მოსწავლეებიც გახდება/გახდებიან პრიზიორები, როგორც საქართველოში გამართულ, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე, გადაეცეთ ფინანსური დახმარება  მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

„ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ პედაგოგებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში და რომელთა მიერ მომზადებულმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოსწავლე-ახალგაზრდებმა დაიკავეს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები. პედაგოგს/ქორეოგრაფს რომლის მოსწავლემაც ერთსა და იმავე ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა ერთზე მეტი საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20%“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2022 წლის ფინანსური დახმარება განსაზღვრულია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ ახალგაზრდებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203