ბაღში ბავშვის რეგისტრაციისთვის ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
01-06-2022

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, წელს საბავშვო ბაღებში 14 ათასი ვაკანტური ადგილია.

ვისაც გამოცდილება არ გაქვთ, შეგამზადებთ, რომ ბავშვის სასურველ ბაღში დარეგისტრირება მშობლებისთვის ერთგვარ რბოლას ემსგავსება, რადგან თავისუფალი ადგილების რაოდენობა ელვის სისწრაფით ივსება.

მშობლებისთვის შვილის სასურველ ბაღში რეგისტრაციის გასამარტივებლად etaloni.ge რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გთავაზობთ, რომელიც განაცხადის შევსებისას უნდა გაითვალისწინოთ:

1. წინასწარ ნახეთ, რა მონაცემების შეყვანა გჭირდებათ რეგისტრაციისას და ისინი ზეპირად დაიმახსოვრეთ;

„რეგისტრაციის დაწყებამდე ვიცოდი რა ძირითადი მონაცემების შეყვანა დამჭირდებოდა და ეს მონაცემები ცალკე ამოვიწერე  და პრაქტიკულად დავიზეპირე, რომ შემდგომ ზედმეტად დრო არ დამეკარგა შეცდომით შეყვანილი ინფორმაციის თავიდან შეყვანაში. ჩემი გამოცდილებიდან, მშობლებს ვურჩევ წინასწარ ნახონ რა ინფორმაციის შეყვანა დასჭირდებათ, ეს მონაცემები ცალკე ქაღალდზეც ამოიწერონ და რეგისტრაციისას წინ დაიდონ, რომ მერე არ დაიწყონ საბუთების ძებნა და დაზუსტება თუ ზეპირად ეცოდინებათ უკეთესია“, - გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას ერთ-ერთი მშობელი.

2. დაიხმარეთ ახლობლები - ამით თქვენი შანსები ორმაგდება! მიეცით რეგისტრაციისას შესაყვანი ინფორმაცია ოჯახს სხვა წევრებსაც და ყველამ ინდივიდუალურად სცადოს ბავშვის დარეგისტრირება;

„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო ჩემი შვილის იმ ბაღში დარეგისტრირება, რომელიც სახლთან ძალიან ახლოს არის და თან არც ისე ბევრი ადგილი იყო თავისუფალი. ვიცოდი, ადგილები ძალიან სწრაფად ივსებოდა, ამიტომ რამდენიმე ახლობელს ვთხოვე დამხმარებოდნენ. მათ მივეცი ის მონაცემები, რომელიც რეგისტრაციის პროცესში იყო საჭირო და რეგისტრაციის დაწყების წამიდან რამდენიმე კაცს შეჰყავდა მონაცემები, რომ რომელიმეს მაინც მოგვესწრო რეგისტრაცია, საბედნიეროდ ამ მეთოდმა გაამართლა“, - გირჩევთ კიდევ ერთ მშობელი.

3. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს.

რეგისტრაციისას შემდეგი ინფორმაციის შევსებაა აუცილებელი:

რომელ რაიონში მდებარეობს და რა ნომერია საბავშვო ბაღი;

ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

დედის  სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

მამის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
  

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. 

იხილეთ: ბაღში ის ბავშვებიც დარეგისტრირდებიან, რომლებსაც 2 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ

თბილისის ბაღებში რეგისტრაცია 3 ივნისს იწყება - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203