1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა - ღონისძიებები 3 დიდ პარკში გაიმართება
01-06-2022

1 -ელი ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საბავშვო ღონისძიებები დედაქალაქის სამ დიდ პარკში გაიმართება.   

„პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს რაიონის, ვაკის რაიონისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობების ერთობლივი ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქის სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, „მზიურის“ პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე განცხადებით, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი.
 
„კვირეულის ფარგლებში, 4 ივნისს, თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალიც გაიმართება. ფესტივალის მიზანია, გაზარდოს საბავშვო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიების ცნობადობა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, არანაირი გადასახადი არ იქნება. მინდა, მივმართო მშობლებს, იაქტიურეთ და პირველ ივნისს შეგიძლიათ, თქვენი შვილები მიიყვანოთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203