„ვფიქრობ, ეს დღეც ისტორიულია“ - „პირველკლასელთა აკადემია“ თელავის მკვიდრ 800-ზე მეტ ბავშვს საჩუქრად გადაეცა
04-06-2022

სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დასასრულს უახლოვდება, მალე ბავშვებისთვის არდადეგები დაიწყება და განსაკუთრებით ემოციურია ეს ყველაფერი მომავალი პირველკლასელებისთვის, რომლებიც ბაღის უსაყვარლეს მასწავლებლებს დაემშვიდობებიან და ახალი ჯადოსნური თავგადასავლისთვის - სასკოლო ცხოვრებისთვის მოემზადებიან.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ჩვენს პატარებს ჰქონდეთ საჭირო უნარ-ჩვებები თუ საბაზისო ცოდნა, რომელსაც სკოლა მოითხოვს და სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“; მისი ავტორი „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, ყველაზე სასიხარულო კი ისა, რომ სახელმძღვანელომ, გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს შორის...

ამჯერად „პირველკლასელთა აკადემიამ“, ავტორთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი პირველკლასელები გაახარა. თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში, საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, „ეტალონის“ პროექტების ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდნენ და პატარებს საჩუქრად „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.

„მივესალმები თელავს, აქ ყოველთვის ისტორიული საქმეები კეთდებოდა და ვფიქრობ, ეს დღეც ისტორიულია; „პირველკლასელთა აკადემიის“ შექმნისას, 300-მდე მასწავლებელი, ფსიქოლოგი იყო ჩართული და ჩვენ შევქმენით სასკოლო მზაობის დიდებული, საოჯახო წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც დაეხმარება ბავშვებსაც და მშობლებსაც, პატარები სკოლისთვის მოემზადონ“, - ასე მიესალმა სატახტო ქალაქის მკვიდრ პატარებს გოჩა ტყეშელაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა კი აღნიშნა, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ არის მრავალმხრივი, მრავალფეროვანი, ინტერაქტიული სახელმძღვანელო, „რომლის საშუალებითაც ბავშვები შეძლებენ დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა სკოლაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ  სახელმძღვანელო ქართულ და აზერბაიჯანულენოვანია. ვულოცავ ბავშვებს ბაღის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებებს სკოლაში“.

თელავის მუნიციპალიტეტის, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ია ლუარსაბიშვილმა კი etaloni.ge-სთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მუნიციპალიტეტის მკვიდრ ყველა პატარას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ, სათანადოდ მოემზადონ სკოლისთვის:

„როდესაც ბატონმა გოჩამ „პირველკლასელთა აკადემია“ გამაცნო, მაშინვე აღვფრთოვანდი.. ვფიქრობ, ეს სახელმძღვანელო, მომავალ პირველკლასელებს სათანადოდ მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით კი მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას:

პანდემიის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეფერხდა, ბავშვები ბევრ რამეს ჩამორჩნენ, ვერ განვუვითარეთ ის უნარები, რაც მათ სჭირდებათ სასკოლო მზაობისთვის, ეს წიგნი კი სწორედ ამ დანაკლისს შეუვსებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ არის ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი, რაც ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებსაც აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ცოდნა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიგრაფიულად, უმაღლეს დონეზეა შესრულებული და ვფიქრობ, „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს, 800-ზე მეტ პირველკლასელს გადაეცემა. ნაწილს უკვე აქვს, ნაწილს კი გამოსაშვებ ღონისძიებებზე, საზეიმო ვითარებაში ვუსახსოვრებთ“.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203