ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის წინასაგამოცდო რეკომენდაციებს გთავაზობთ:
რას ურჩევდით, როგორ მოემზადონ აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდისათვის?
რადგანაც გამოცდები მოახლოვდა, დროა აბიტურიენტებმა დაიწყონ ვარჯიში იმაზე, თუ როგორ უნდა შეასრულონ ტესტური დავალებები ელექტრონულ ფორმატში. ეს განსხვავებულ უნარებს მოითხოვს, ვიდრე ამობეჭდილ ტესტებზე მუშაობა. ვურჩევ მათ, შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე და მოძებნონ შარშანდელი ტესტები. სასურველია, დავალებები წაიკითხონ ეკრანზე და პასუხები ჩაინიშნონ ფურცელზე ან პასუხების ფურცლის ანალოგზე, რომელიც ასევე არის გამოქვეყნებული. ამ დროს მათ უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო დროც. ეს იქნება გამოცდის სიმულაცია, რაც დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გამოადგებათ. ტესტის ჩაბარებისას ტექნიკური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თუ აბიტურიენტი ვერ ფლობს ტესტის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობის ტექნიკას, ან წინასწარ არ არის მომზადებული პასუხების ფურცელზე პასუხების ჩასაწერად და თუ იგი საგამოცდო დროს ვერ აკონტროლებს, ცხადია, უშუალოდ გამოცდაზე მას ამ ყველაფრის გათვალისწინება გაუჭირდება. რაც შეეხება, ტესტის შინაარსობრივ მხარეს, ამ მხრივ მათ ვარჯიში უნდა გააგრძელონ და მიაქციონ ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენს კრებულშია მოცემული (იხილეთ ბმული)
რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა ტესტზე მუშაობისას?
აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რამდენიმე ფაქტორზე, მაგ: მე-5 და მე-6 დავალებების შესრულების დროს, სადაც გამოტოვებულ ადგილებში სიტყვებია ჩასასმელი, ჯერ კარგად უნდა გაეცნონ ტექსტის შინაარსს, გაიგონ ზოგადი კონტექსტი და მერე შეასრულონ დავალება. არ დაუშვან მართლწერის შეცდომები, რადგან მე-6 დავალების შესრულებისას, როდესაც მათ გამოტოვებულ ადგილას მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ჩასვან, მართლწერის შეცდომა შეცდომად ჩაითვლება. წერილის წერის დროს (დავალება 7) კი, ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ იმას, რამდენად გრამატიკულად და ლექსიკურად სწორად იქნება წინადადებები ჩამოყალიბებული. თემის წერისას (დავალება აბიტურიენტებს ვთხოვთ, რომ ჯერ კარგად გაიაზრონ დავალების მოთხოვნა და ისე დაიწყონ წერა. გამოხატონ პირადი პოზიცია მოცემული თემის გარშემო და გაამყარონ თავიანთი პოზიცია არგუმენტებით. ფრაზებისა და კონკრეტული სტრუქტურების გამოყენება (ხშირად აბიტურიენტები ასეთ ფრაზებს იზეპირებენ) კარგია იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოყენებულია საკუთარ კონტექსტში და მიზნობრივად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწერი ძალიან ზოგადი და კონკრეტიკას მოკლებული გამოდის, რაც ცუდია.
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდაზე?
წერის დავალებების დროს ეს არის, უფრო მეტად, გრამატიკული შეცდომები, მაგ.: წინადადების არასწორი წყობა, ან არასწორი დროის გამოყენება. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები წერისას მეტად მარტივ ლექსიკას იყენებენ. საერთოდ რომ არ იყოს შეცდომა ნაწერში, მეტად მარტივი ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენების შემთხვევაში, მაღალ ქულას ვერ მიიღებთ. გახსენებთ რომ მოთხოვნის დონე არის B1.