3 ივნისს, თბილის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, აღსაზრდელთა ნაწილი ასაკობრივ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებდა, მშობლებმა მათი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. მიზეზი კი მარტივია - რეგისტრაცია მხოლოდ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტებისთვის გამოცხადდა:
ეს კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);
სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს დაიწყება და მისი გავლა იმ აღსაზრდელლებისთვისაც დაშვებულია, რომლებსაც 2 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ.