მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის წარმომადგენლებმა, ჭადრაკის მსოფლიო და ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებთან, სკოლის პედაგოგებისთვის სატრენინგო პროცესის მონიტორინგის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ცენტრის ეგიდით 2022 წლის 1 ივნისიდან, სატრენინგო მოდულით - „დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სწავლების აქტუალური საკითხები მასწავლებლებისთვის“ ტრენინგები დაიწყო, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გადამზადებას ქვეყნის მასშტაბით, 4 000-მდე მასწავლებელი გაივლის. ტრენინგებს ჭადრაკის დიდოსტატები, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ატარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, 2022-2023 სასწავლო წლიდან, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში, სავალდებულო საგნად ემატება.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.