საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია 8 ივნისიდან დაიწყო და 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.
არჩევნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს ყველა რეგიონში დაესწრება. ამასთანავე, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ, მათ ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს. დამკვირვებლებმა რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.
შეგახსენებთ, რომ საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.
სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები 20 ივნისს საქართველოში რიგით მეექვსე იქნება. პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა.