ბავშვზე ძალადობა ბათუმის კერძო ბაღში - ემიგრანტი დედა სულიშემძვრელ ვიდეოს აქვეყნებს
09-06-2022
ბათუმის ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ერთ-ერთ ბავშვს სხვა აღსაზრდელები ცემენ და ამ დროს ოთახში არავინაა. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული დედა, ბაღში მომხადრის შესახებ შემთხვევით იგებს, როგორც თავად გვეუბნება, ხშირად ხდება, როცა ძიძები ბავშვებს ოთახში მარტოებს ტოვებენ, თუმცა მისთვის რთულია უცხოეთიდან რეაგირება, ამიტომაც გადაწყვიტა ვიდეოს ნაწყვეტი სოციალურ ქსელში დაედო. 

„უკვე მერამდენედ ხდება ეს ყველაფერი არაკვალიფიციური და უყურადღებო ძიძების გამო, ჩემს შვილს ასე სასტიკად სცემენ და ოთახში არცერთი ძიძა არაა. ეს მოკლე ვიდეოა, რაც მე ამოვიწერე, ჩხუბი კი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ბაღის დირექტორი თავს იმით იმართლებს, რომ მასწავლებელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ძიძაც იმას ამბობს, რომ ოჯახური პრობლემის გამო გავიდა და ასე მარტო დატოვეს ბავშვები. 

ჩემი შვილი ყოველდღე დადის ლოგოპედთან და ფსიქოლოგთან, ჩაკეტილი ბავშვია, ვერც თავს იცავს, ვინმე რომ რამეს ეტყვის... ხშირად ხდება, როცა ძიძები ტოვებენ მარტოებს ბავშვებს.... 

იტალიაში ვარ და აქედან ძალიან მიჭირს რეაგირება, ტელევიზიებსაც დავუკავშირდი, მაგრამ არავინ შემხმიანებია. შემთხვევით შევესწარი ამ კადრებს, 24 საათი ვერ ვახერხებ კამერასთან ყოფნას ვმუშაობ და კი იცით, როგორი დაძაბული სამუშაოებია უცხო ქვეყანაში", - გვეუბნება აღსაზრდელის დედა. 

მშობელთან საუბრის შემდგ თავად ბაღსაც დავუკავშირდით კომენტარისთვის. ცხელ ხაზზე ბაღის დირექტორი გვესაუბრა და გვითხრა, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა, უკვე ყველა საქმის კურსშია და შესაბამისი ზომებიც მიღებულია. 

„ასეთი რამ პირველად მოხდა. ბავშვების გაყვანის დრო იყო უკვე, მასწავლებელი ცუდად გახდა და ოთახიდან გავიყვანეთ, ძიძამაც სხვა ბავშვი გაიყვანა ოთახიდან და ამ დროს მოხდა შემთხვევა. დღეს ბავშვის მშობელიც იყო მოსული, მამა, რომელსაც ავუხსენით სიტუაცია. დაბარებულები არიან იმ ბავშვების მშობლებიც, რომ გავესაუბროთ", - აღნიშნა დირექტორმა. მისვე თქმით, ბავშვი ამ ჯგუფში თავს კარგად გრძნობს და მისი სხვა ბავშვებთან გადაყვანა არც მშობელს მოუთხოვია.

P.S. როგორც აღმოჩნდა, საკითხი მხოლოდ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებით „გვარდება". საქმეში არც ფსიქოლოგი ერთვება და არც სხვა ზომების მიღებას აპირებენ. ბავშვების მარტო დატოვება „პრობლემის“ არსებობით მართლდება და გამოდის, რეალურად პრობლემას არ აღიარებენ... ჩვენ კი არ გვინდა, ვიფიქროთ, რომ თითული აღსაზრდელისგან მიღებული თანხა ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას! 

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203