საანგარიშო პერიოდში სკოლამდელი განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტში საუბრობს.
მისი განცხადებით, ბაღის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებული ტრენინგ-მოდულები თემატურად უფრო მრავალფეროვანი გახდა. ასევე შეიქმნა პოზიტიური მშობლობის კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში საპილოტე რეჟიმში ინერგება.
ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა ალტერნატიული და მხარდამჭერი მომსახურებების საჭიროებების კვლევა ხარისხიანი და ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად.
„სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელების მომზადების მიზნით, შემუშავდა სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, რაც შესაძლებელს გახდის, სისტემა შეივსოს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრებით.
პარალელურად, მიმდინარეობს სისტემაში არსებული აღმზრდელების, მეთოდისტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება (ჯამში გადამზადებულია 722 ბაღის თანამშრომელი). ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შემუშავდა ბილინგვური პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს ეთნიკურ/ეროვნულ უმცირესობათა
წარმომადგენელ ყველა ბავშვს, შეისწავლოს მშობლიური და სახელმწიფო ენები სრულფასოვნად ადრეული ასაკიდანვე, ასევე განივითაროს ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა სასკოლო მზაობისა და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის.
გადამზადებულია და ინტენსიური მომზადების პროცესში ჩართულნი არიან ორენოვანი აღმზრდელები და ასისტენტები, რომელთაც ქართულ ენაზე მიჰყავთ სააღმზრდელო პროცესი. 2021-2022 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართულია 9 საბავშვო ბაღი, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლიდან დამატებით ერთვება 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. პროგრამა ეტაპობრივად
განხორციელდება ყველა არაქართულენოვან ბაღში.
2022 წელს დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ელექტრონული სისტემის კონცეფციის შემუშავება“.