დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ჭადრაკში გადამზადება უკვე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველ კლასში ის სავალდებულო საგნად უნდა ისწავლებოდეს, გადაწყდა მასწავლებლების გადამზადებაც.
ტრენინგები მასწავლებლის სახლმა უკვე დააანონსა და პედაგოგების ნაწილმა გაიარა კიდეც, თუმცა საინტერესო ისაა, რომ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ტესტირება უნდა გაიარონ, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც ისინი სეტიფიკატს აიღებენ და მოსწავლეებისთვის ჭადრაკის სწავლის უფლება მიეცემათ.
ამის შესახებ პედაგოგებს უკვე ეცნობათ, თუმცა etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში უპასუხეს, რომ მასწავლებელთა „გამოცდის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, „მასწავლებლის სახლმა“ პასუხს თავი შეგნებულად აარიდა, თუმცა ჭადრაკის ფედერაციაში დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს და ისიც დაადასტურეს, რომ ტრენინგების გავლის შემდეგ, პედაგოგებმა ტესტი უნდა ჩააბარონ:
„მას შემდეგ, რაც ტრენინგს გაივლიან, მასწავლებლები ტესტს ჩააბარებენ, სხვაგვარად სერტიფიკატს ვერ მიიღებენ. თუ მოხდა ისე, რომ ვერ ჩააბარეს (რაც წარმოუდგენელია, თუ კარგად მოისმენენ ტრენინგს), მაშინ დირექტორმა უნდა მიმართოს მასწავლებლის სახლს და პედაგოგებმა ხელახლა გაიარონ ტრენინგიცა და ტესტირებაც“.
აღსანიშნავია, რომ გადამზადებული მასწავლებლები ჭადრაკში გამოცდას დღეს აბარებენ.