რა უნდა გაითვალისწინოთ ანალიტიკური წერის დროს?  - „ნაეკის“ განმარტება
15-06-2022

გამოცდების მოახლოვებასთან ერთად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებში მღელვარება მატულობს. გარდა საგნობრივი თმებისა, პედაგოგების ნაწილს გამოცდაზე ანალიტიკური წერის დაწერაც მოუწევთ.

საგნობრივ საკითხებში მომზადება რთული არაა, რადგან თეორიულ ცოდნას მოითხოვს, რასაც ვერ ვიტყვით ანალიტიკურ ნაშრომზე.

ანალიტიკური წერის მეშვეობით მოწმდება, რამდენად შეუძლია აპლიკანტს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი თვალსაზრისის ცხადად და ნათლად ჩამოყალიბება და  არგუმენტების მოხმობით მისი დასაბუთება. აგრეთვე, ნაშრომის მიხედვით ფასდება კრიტიკული ანალიზის უნარიც.

რა უნდა გაითვალისწინოთ ანალიტიკური წერის დავალებაში? - მასწავლებლების კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა ვრცლად უპასუხეს:

„ანალიტიკური წერის დავალებაში, უპირველესად, დაკვირვებით უნდა გაეცნოთ დავალების პირობას, თუ რას შეეხება ესე. გაიაზრეთ, დავალებაში დასმული პრობლემა/საკითხი, რაზე უნდა წეროთ, თქვენ რა იცით ამ თემის შესახებ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. პირობის შემდეგ ბულეტებით გამოყოფილია კონკრეტული დავალებები: რამ წარმოშვა ეს პრობლემა, რამ შეუწყო მას ხელი; ან, ვთქვათ, რა შედეგებს განაპირობებს ამ პრობლემის გამწვავება; როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა, ან რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის და ა. შ. მთავარია, ნაშრომი ზუსტად პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დავალებაშია დასმული. გაითვალისწინეთ: ეს ნაწილი (ბულეტებით წარმოდგენილი) ერთგვარი გეგმაა ესეს საკითხების ჩამოსაყალიბებლად. თუ მას მიჰყვებით, მთავარ საკითხს ვერ ასცდებით. 

შემდეგი კრიტერიუმი არგუმენტირებაა. კარგად უნდა გაიაზროთ მოცემული საკითხი და იმსჯელოთ. დავალებაში მივუთითებთ: იმსჯელეთ, დაასაბუთეთ თქვენი ნათქვამი, არგუმენტებით გაამყარეთ, მოიხმეთ მაგალითები. მსჯელობა უნდა იყოს თანმიმდევრული, ლოგიკური, არგუმენტები – ადეკვატური.

მესამე კრიტერიუმი – სტრუქტურაა. თქვენი მსჯელობა თანმიმდევრული უნდა იყოს და სტრუქტურულად გამართული, ტექსტი მოწესრიგებული, სათანადოდ „აწყობილი“, დასკვნა – წინარე მსჯელობიდან გამომდინარე. 

ესეს წერისას უნდა დაიცვათ სალიტერატურო ქართული ენის ნორმები, ყურადღება მიაქციეთ სტილსა და ლექსიკას. ყურადღებით გაეცანით ჩვენს კრებულს, კრიტერიუმების მიხედვით ჩვენს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ დავალებების შესრულებისას“, - განმარტეს ცენტრის წარმომადგენლებმა. 

იხილეთ ასევე: საგამოცდო პროგრამები ცნობილია - 2022 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203