5 ნივთი, რომელთა გამოცდაზე შეტანაც შეგიძლიათ - სოფიო გორგოძის განმარტება
25-06-2022

ეროვნული გამოცდები 4 ივლისს იწყება, მასწავლებლები კი საგამოცდო ციებ-ცხელებაში 6 ივლისს ჩაერთვებიან.

საგამოცდო პერიოდში მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ურჩევს. მათ შორისაა ნივთების ჩამონათვალი, რომელთა შეტანაც გამოცდაზე შეგიძლიათ. ინვენტარის სია, რომელიც შეგიძლიათ თან იქონიოთ, მწირია. ესენია:

  • წყალი (პლასტმასის ბოთლით)
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
  • მედიკამენტი (საჭიროების შემთხვევაში)
  • პირბადე (სურვილის შემთხვევაში)
  • კალამი (სურვილის შემთხვევაში)
ამ საკითხზე კომენტარი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემაც გააკეთა:

„შეზღუდული უნდა იყოს იმ ნივთების სია, რასაც წაიღებთ საგამოცდო ცენტრში. შეგიძლიათ იქონიოთ წყალი პლასტმასის ბოთლით, ასევე კალამი, თუ ამის სურვილი გაქვთ, მაგრამ კალამს დავახვედრებთ. ასევე პირადი ჰიგიენის ნივთების შემოტანაც შეუძლიათ (აპლიკანტებს). დანარჩენი ყველაფერი უნდა დატოვოთ სპეციალურ სივრცეში, სადაც ნივთებს ვაბარებთ. ძალიან უნდა გაფრთხილდეთ, რომ რაიმე არ შეგყვეთ, ფურცელი ან ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს“, - განმარტა სოფიო გორგოძემ რუსთავი 2-ის ეთერში. მისივე თქმით, ზოგადი რეგულაციებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არაა, თუმცა თუ აპლიკანტს სურვილი აქვს, დაშვებულია პირბადის შეტანა, ასევე შესაძლებელია ისეთი მედიკამენტების შეტანა, რომელიც გამოსაცდელს საგამოცდო პერიოდში შეიძლება დასჭირდეს.

გამოსაცდელები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ყველა ნივთი, რომელიც გამოცდაზე აკრძალულია, სპეციალურ სივრცეში ჩააბარონ, რადგან თუ აპლიკანტს ე.წ. აკრძალული ნივთი გამოცდის მსვლელობისას აღმოაჩნდება, ის გამოცდიდან მოიხსნება.

იხილეთ ასევე: 6 ნივთი, რომლის გამოცდაზე შეტანისას გაფრთხილების გარეშე მოიხსნებით

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203