მასწავლებლებს მოსწავლეების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. დირექციამ კი უნდა აკონტროლოს, რამდენად სწორად და ეფექტურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს.
სკოლაში ასევე უნდა იყოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა, დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, სკოლაში უნდა იყოს ინკლუზიური განათლებითვის შესაბამისი პირობები. სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება უნდა ჰქონდეს სსსმ და შშმ მოსწავლეებსაც.
აღნიშნულ ზოგად ვალდებულებებთან ერთად დირექციას პასუხისმგებლობა აკისრია იმაზეც, თუ რას ასწავლიან მასწავლებლები გაკვეთილზე. რაზე საუბრობს და როგორ გადასცემს პედაგოგი მოსწავლეს ინფორმაციას მაშინ, როდესაც საკლასო ოთახში ბავშვების წინაშეა.
მასწავლებელს არ აქვს უფლება, რომელიმე სასწავლო თემაზე საკუთარი, არამეცნიერული შეხედულება მოახვიოს ბავშვს თავს. პედაგოგმა მკაცრად უნდა დაიცვას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტები და მოსწავლეს მიაწოდოს მხოლოდ მეცნიერული, ზუსტი და დამოწმებული ინფორმაცია.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის, სწავლება“, - აღნიშნულია კანონში ზოგადი განათლების შესახებ.