საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა - აღნიშნულის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აკეთებს.
უწყების განმარტებით, საქართველოს 2086 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2072 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
„კანდიდატების არ არსებობის გამო, არჩევნები არ გამართულა 12 მცირეკონტინგენტიან და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 2 საჯარო სკოლაში. 2044 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დადასტურებულია. 24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრთა რაოდენობა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით. აღნიშნული სკოლების მომართვის საფუძველზე, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების შეთანხმებასთან დაკავშირებით.
საარჩევნო პროცედურების დარღვევის გამო, არჩევნები ჩაშლილად მხოლოდ ერთ სკოლაში გამოცხადდა. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების გამო, კი 50 საჯარო სკოლაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. აღნიშნულ სკოლებში არჩევნების ხელმეორედ ჩატარების თარიღს სკოლების საარჩევნო კომისიები შვიდი კალენდარული დღის ვადაში თავად განსაზღვრავენ.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ასევე ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს. ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საქართველოს საჯარო სკოლებში სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.